სექტემბერში, ბანკებმა რეკორდული - 718 მილიონი ლარის ახალი იპოთეკური სესხები გასცეს
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის სექტემბერში კომერციულმა ბანკებმა სულ 718 მილიონი ლარის ღირებულების 6644 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს, რაც თანხობრივად წლიურად 62%-ით, ხოლო რაოდენობრივად 38%-ით არის გაზრდილი. ამასთან, ამ მოცულობის ახალი იპოთეკური სესხები აქამდე არცერთი წლის არცერთი თვის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
მთლიანობაში 2026 წლის 9 თვეში ბანკების მიერ გაცემულია 4.85 მილიარდი ლარის ახალი იპოთეკური სესხები, ხოლო ამ კრედიტების რაოდენობა 46,358-ს შეადგენს. წლიურ ჭრილში პორტფელის ზრდა 49%-ია, ხოლო სესხების რაოდენობა კი 24%-ით არის გაზრდილი.
2026 წლის განმავლობაში დამტკიცებული ახალი იპოთეკური სესხის მოცულობა 104.6 ათას ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იპოთეკური სესხის საშუალო ზომა 87 ათასი ლარი იყო. საშუალო კრედიტის ზომის ზრდა დაკავშირებულია ერთი მხრივ უძრავი ქონების ფასების ზრდასთან, მეორე მხრივ კი სებ-ის მიერ თანამონაწილეობის კოეფიციენტის შემცირებასთან.
კერძოდ კი, გასული წლის გაზაფხულიდან შემცირდა თანამონაწილეობის კოეფიციენტი 15%-დან 10%-მდე, რაც მსესხებლებისთვის თანამონაწილეობის იგივე თანხობრივი მოცულობით უფრო დიდი ზომის კრედიტის აღებას ხდის შესაძლებელს.
ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ 2026 წლის სექტემბერში ეროვნული ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 10.88% იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.94 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
მთლიანობაში საქართველოს ბანკების მიერ გაცემული იპოთეკური კრედიტების პორტფელი 14.85 მილიარდ ლარს აღწევს. ქვეყანაში სულ 177,700 იპოთეკური კრედიტი არის მოქმედი.