„დროული ცვლილებაა, რაც სამშენებლო სექტორის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს“ - ასოციაცია ფასთა ინდექსაციის წესის კორექტირებაზე
„სექტორზე ამას ძალიან პოზიტიური გავლენა ექნება,“ - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი გიორგობიანი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ფასთა ინდექსაციის წესში განხორციელებულ ცვლილებებს.
საქართველოს მთავრობამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ფასთა ინდექსაციის გამოყენების წესში ცვლილებები შეიტანა.
კერძოდ, თუ აქამდე მოქმედი წესი ფასთა ინდექსაციის გავრცელებას მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ითვალისწინებდა, ახალი დადგენილებით, ფასთა ინდექსაცია სხვა პროექტებზეც გავრცელდება.
გარდა ამისა, ახალ რედაქციაში კორექტირებულია მასალების გაძვირების დაანგარიშების საბაზისო პერიოდიც. მიმდინარე და 2026 წლის 1-ელ ივნისამდე გამოცხადებული ტენდერებისთვის ათვლის წერტილად 2025 წლის დეკემბრის ნაცვლად, 2026 წლის იანვრის ფასები განისაზღვრა.
როგორც ირაკლი გიორგობიანი „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტავს, მშენებლობასთან დაკავშირებული ფასების ზრდის ნაწილობრივი კომპენსაცია არსებითად შეამცირებს კომპანიების ფინანსურ რისკებს და ხელს შეუწყობს სექტორის გაჯანსაღებას.
„ცალსახად მნიშვნელოვანია ის ცვლილება, რომელიც ბოლოს განხორციელდა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო კომპანიების პროექტებსაც შეეხო. კერძოდ, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტებს.
საუბარია ინდექსაციაზე, რომელიც ფასების იმ ცვლილებებს დააკომპენსირებს, რაც ამ პერიოდში ძირითადად, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდით იყო გამოწვეული.
ეს ყველაფერი მოხდა სამინისტროს ინიციატივით, რათა მშენებლობასთან დაკავშირებული ღირებულებების ზრდა ნაწილობრივ მაინც დაკომპენსირებულიყო.
ის სამუშაოები, რომლებიც უკვე შესრულებულია და კომპანიებს გაზრდილი ფასებით (მაგალითად, საწვავის გაძვირების ფონზე) მოუწიათ ოპერირება, რამაც თავის მხრივ სამშენებლო მასალების ღირებულებაზეც მოახდინა გავლენა, აღნიშნული ინდექსაციის მექანიზმი სწორედ ამ გაზრდილი ხარჯების ნაწილობრივ კომპენსაციას მოახდენს.
მინდა გითხრათ, რომ სექტორზე ამას ძალიან პოზიტიური გავლენა ექნება. როგორც მოგეხსენებათ, ინდექსაცია ამ სფეროში დიდი პრობლემა იყო და სწორედ ამ ხელმძღვანელობის პირობებში მოხდა მისი ინსტიტუციონალიზაცია.
იცით, რომ შესყიდვების კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ხელშეკრულების ღირებულების ზრდა (მათ შორის ინდექსაციის შედეგად) დასაშვები გახდა. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ფასების ზრდის რისკს, რომელსაც რეალურად სამშენებლო კომპანიები აქამდე ატარებდნენ, ინდექსაციის მექანიზმი მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ეს ძალიან სწორი, დროული და მნიშვნელოვანი ცვლილებაა სექტორისთვის, რაც ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.
მანდ მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მიმდინარე კონტრაქტებში ათვლის ბაზად იანვრის ინდექსი გამოყენებულიყო. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო და მადლობა ინფრასტრუქტურის მინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციას, რომ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინეს.
რაც შეეხება ვადებს, სექტორი ამ ცვლილებებს ელოდებოდა. დადგენილი ვადა 10 დეკემბრამდეა და ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება, ინდექსაციაზე მოთხოვნას ყველა დათქმულ ვადაში წარადგენს.
პირველ ვერსიაში გასული წლის დეკემბრის ინდექსი იყო განსაზღვრული, რომელიც მიმდინარე წლის იანვრის ინდექსს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. იმისათვის, რომ ამ ყველაფერს უფრო დიდი ფულადი ეფექტი ჰქონოდა და რეალური მატერიალური კომპენსირება მომხდარიყო, დაბალი ბაზა იქნა აღებული.
ეს მოხდა იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილიყო კომპანიების მატერიალური კომპენსირების მოცულობა.
თავად სამშენებლო ინდექსი, მოგეხსენებათ, ყოველდღიურად გამოიცემა, თუმცა რეალურად ბაზრის მიმდინარე მდგომარეობას 45 და მეტი დღის დაგვიანებით ასახავს. აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებით სრულიად სწორი იყო და ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა“, - აცხადებს ირაკლი გიორგობიანი.