თეგებით ძიება

თბილისსა და მის შემოგარენში მიწისზედა მეტროს პროექტი ახალ ეტაპზე გადადის

თბილისსა და მის შემოგარენში მიწისზედა საქალაქო მატარებლის (City Train) განვითარების პროექტი მომდევნო ეტაპზე გადავიდა.

ინტერესის გამოხატვის (EOI) ეტაპის დასრულებისა და წარმოდგენილი განაცხადების შეფასების შემდეგ, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში პრეტენდენტთა „შორთლისტი“ (მოკლე სია) ოფიციალურად გამოქვეყნდა.

როგორც აზიის განვითარების ბანკის (ADB) ოფიციალურ მონაცემებშია აღნიშნული, საკონსულტაციო მომსახურებაზე მოწვევის წინადადებები 27 ოქტომბერს გაიცა, ხოლო შორთლისტში გადასულმა კომპანიებმა საბოლოო სატენდერო წინადადებები 2026 წლის 1 დეკემბრამდე (მანილას დროით 16:00 საათი) უნდა წარადგინონ.

ვინ იბრძვის კვლევის მომზადებისთვის?

ADB-ის მიერ გამოქვეყნებული ფინალური სიის მიხედვით, შერჩევის ეტაპი 6-მა საერთაშორისო ჯგუფმა და კონსორციუმმა გადალახა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის რამდენიმე გაერთიანებაში ქართული კომპანიებიც ფიგურირებენ.

უფრო კონკრეტულად კი, "მოკლე სიაში" მოხვდნენ:

1. Rina Consulting S.P.A. (იტალია) - ქართველი პარტნიორი: შპს „გერგილი“.

2. RITES Ltd. და ARG Project LLC (ინდოეთი) - ერთობლივი საწარმო (JV);

3. Aarvee Engineering Consultants Limited და CMC (ინდოეთი) - ერთობლივი საწარმო (JV);

4. BOTEK Bosphorus Technical Consulting Corp. (თურქეთი) და Balaji Railroad Systems (ინდოეთი) - ერთობლივი საწარმო (JV). ქართველი პარტნიორი: Georgian Engineering Business Groups;

5. MC Mobility Consultants და BERNARD Gruppe ZT GmbH (ავსტრია) - ერთობლივი საწარმო (JV);

6. YUKSEL PROJE A.S. (თურქეთი);

ტენდერის ვადები და პროექტის დეტალები

ADB-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შერჩეულ საკონსულტაციო კომპანიებთან კონტრაქტის გაფორმება და სამუშაოების დაწყება 2026 წლის 30 დეკემბრიდან იგეგმება. მომსახურების ვადად 8 თვეა განსაზღვრული.

ტექნიკური დავალების თანახმად, პროექტის ძირითადი მიზნებია:

  • ეროვნულ სარკინიგზო ქსელსა და ურბანულ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემებს შორის მულტიმოდალური კავშირის გაუმჯობესება;
  • მგზავრთა მობილობის გაზრდა და რეგიონული ხელმისაწვდომობის გაძლიერება თბილისის შემოგარენში;
  • მდგრადი ურბანული და სატრანსპორტო განვითარების მხარდაჭერა ეროვნული და მუნიციპალური პოლიტიკის ჩარჩოების შესაბამისად;
  • საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის შესაფერისი საბანკო მიზანშეწონილობის კვლევის უზრუნველყოფა.

პროექტი ითვალისწინებს დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარებას, რომელიც განსაზღვრავს რკინიგზის დერეფნების განვითარების საუკეთესო ალტერნატივებს თბილისის აგლომერაციაში (რუსთავი, მცხეთა, ლილოს აღმოსავლეთით, მარნეული, ფონიჭალა).

„ეს ძირითადად გულისხმობს არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებას, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განიხილებოდეს ახალი რკინიგზის მონაკვეთების და/ან შემოვლითი გზების მშენებლობა, მაგალითად, აეროპორტიდან რუსთავის მონაკვეთზე“, - აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

ცნობისთვის, საერთაშორისო ტენდერი აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაცხადა. პროექტი ორგანიზაციის კრედიტით ხორციელდება და შესყიდვის ბიუჯეტი 393 ათასი აშშ დოლარია.

შეგახსენებთ, ADB-ის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში განაცხადების მიღების საბოლოო ვადა 2026 წლის 5 აგვისტოს ამოიწურა.

აღსანიშნავია, რომ შესყიდვის პროცესი რამდენჯერმე გადავადდა. თავდაპირველად განაცხადების მიღების ბოლო ვადად 2026 წლის 11 ივნისი (30 დღე) იყო განსაზღვრული. ამის შემდეგ ვადამ ჯერ 13 ივლისამდე, შემდეგ 20 ივლისამდე, მოგვიანებით 27 ივლისამდე და ბოლოს 3 აგვისტომდე გადაიწია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა