მთავრობამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ფასთა ინდექსაციის წესი დააკორექტირა - რა იცვლება მშენებლებისთვის?
საქართველოს მთავრობამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ფასთა ინდექსაციის გამოყენების წესში ცვლილებები შეიტანა. ამის შესახებ მთავრობის №509 დადგენილებიდან ხდება ცნობილი, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
დოკუმენტის თანახმად, ფართოვდება იმ პროექტების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასების კორექტირება გავრცელდება და ამავდროულად, კომპანიებისთვის განაცხადის წარდგენის ახალი ვადები დგინდება.
უფრო კონკრეტულად, თუკი აქამდე მოქმედი წესი ფასთა ინდექსაციის გავრცელებას მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ითვალისწინებდა, ახალი დადგენილებით, ფასთა ინდექსაცია სხვა პროექტებზევ გავრცელდება. კერძოდ, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, შეეხება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში გაფორმებულ/გასაფორმებელ ხელშეკრულებებსა და გამოცხადებულ/გამოსაცხადებელ ტენდერებს“.
ცვლილება შეეხო კომპენსაციის მოთხოვნის პროცედურასა და ვადებსაც. ძველი რედაქციით, განსაზღვრული 60-დღიანი ათვლის წესის ნაცვლად, მთავრობამ კონკრეტული ზღვრული ვადა დააწესა. კერძოდ, განხორციელებული ცვლილებით, მიმწოდებელ კომპანიებს დროებითი წესით სარგებლობის მოთხოვნით შემსყიდველი უწყებებისთვის მიმართვა 2026 წლის 10 დეკემბრამდე შეუძლიათ. დადგენილებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, მშენებელი კომპანიები ფასთა ინდექსაციის უფლებას საბოლოოდ დაკარგავენ.
გარდა ამისა, ახალ რედაქციაში კორექტირებულია მასალების გაძვირების დაანგარიშების საბაზისო პერიოდიც. მიმდინარე და 2026 წლის 1 ივნისამდე გამოცხადებული ტენდერებისთვის ათვლის წერტილად 2025 წლის დეკემბრის ნაცვლად 2026 წლის იანვრის თვის ფასები განისაზღვრა. ხოლო მიმდინარე ხელშეკრულებების (2026 წლის 1 აპრილიდან შესრულებულ სამუშაოებზე) და 2026 წლის 1 ივნისიდან 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული ტენდერების შემთხვევაში, საბაზისო პერიოდად კვლავ ტენდერის გახსნიდან 28 დღით ადრინდელი თარიღის შესაბამისი თვე გამოიყენება.
მთავრობის ცვლილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.