თეგებით ძიება

სად განთავსდება შუქნიშნები და ზებრა გადასასვლელები რუსთაველის გამზირზე - ახალი სქემა

თბილისის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე რეაბილიტაციის შემდეგ მოძრაობის სქემა შეიცვლება და ადგილზე რამდენიმე შუქნიშანი და ზებრა განთავსდება. ამასთან, იქნება ველობილიკი, ავტობუსის ზოლი და ფეხით მოსიარულეთა კომფორტი გაიზრდება. როგორც მერიაში აცხადებენ რეაბილიტაციის პროცესი ნოემბერში უნდა დასრულდეს.

"მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეითთა მიწისზედა გადასასვლელების მოწყობა, ასევე, იზრდება გამჭოლ ქუჩებს შორის კავშირი. ხუთ ლოკაციაზე მოეწყობა მგზავრების ჩასხდომა-ჩამოსხდომის (ან მგზავრების ჩამოსვლის) ადგილი (drop-off). გამზირის განაპირა ზოლებში დაემატება ველობილიკი.

ძმები კაკაბაძეებისა და მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის აღმართი) ქუჩების კვეთა:

  • შესაძლებელი გახდება პირდაპირი მოძრაობა კაკაბაძეების ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩისაკენ და საპირისპირო მიმართულებით.
  • თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიისკენ მიმავალი ავტომობილები მარცხნივ მოხვევით შეძლებენ კაკაბაძეების ქუჩაზე ასვლას.

ვანო სარაჯიშვილის ქუჩის კვეთა:

  • სარაჯიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე გასვლა შესაძლებელი გახდება როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ.
  • რუსთაველის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით შესაძლებელი გახდება სარაჯიშვილის ქუჩაზე ასვლა.

სანდრო ინაშვილის ქუჩის კვეთა (ზეთისხილის ხესთან):

  • ინაშვილის ქუჩიდან მოძრაობა დასაშვები გახდება როგორც რესპუბლიკის მოედნის, ისე რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
  • რესპუბლიკის მოედნიდან შესაძლებელი გახდება მარცხნივ მოხვევა ინაშვილის ქუჩაზე.ზეთისხილის ხესთან მობრუნება ნებადართული იქნება მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტისთვის.
  • მოეწყობა ქვეითთა ახალი გადასასვლელი (ზებრა).

ალექსანდრე ჭავჭავაძისა და რევაზ ლაღიძის ქუჩების კვეთა:

  • ავტომობილები შეძლებენ პირდაპირ გადაადგილებას ჭავჭავაძის ქუჩიდან ლაღიძის ქუჩისკენ და პირიქით.
  • რუსთაველის გამზირიდან შესაძლებელი გახდება მარცხნივ მოხვევა როგორც ჭავჭავაძის, ისე ლაღიძის ქუჩებზე.
  • მოეწყობა ქვეითთა ახალი გადასასვლელი (ზებრა).

გიორგი ჭანტურიას ქუჩის კვეთა:

  • რუსთაველის გამზირიდან შესაძლებელი გახდება მარცხნივ მოხვევა ჭანტურიას ქუჩაზე.
  • ჭანტურიას ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე გასვლა დასაშვები გახდება როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ (ფილარმონიის მიმართულებით).
  • მოეწყობა ქვეითთა ახალი გადასასვლელები (ზებრები).

ლესია უკრაინკას ქუჩა:

  • ქუჩა გახდება ცალმხრივი.
  • რუსთაველის გამზირიდან ქუჩაზე შესვლა შესაძლებელი იქნება როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ მოხვევით.

არჩილ ჯორჯაძისა და ზურაბ ჭიჭინაძის ქუჩების კვეთა:

  • ჯორჯაძის ქუჩიდან შესაძლებელი გახდება პირდაპირი გადაადგილება ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით.

9 აპრილის ქუჩის კვეთა:

9 აპრილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე გასვლა შესაძლებელი გახდება როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ მოხვევით.

გუშინ ცნობილი გახდა რომ თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ექვსჯერ დააჯარიმა, ექვსივე ჯარიმა დაკავშირებულია კონკრეტული სამუშაოების ვადაგადაცილებით მიმდინარეობასთან, რომელიც მერიის მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოვლინდა. საჯარიმო წერილის თანახმად, სამუშაოები, რომლებიც 20 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, 22 ოქტომბერსაც დასასრულებელი იყო, ხოლო სამუშაოები რომლებიც 10 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, 23 ოქტომბერსაც დასასრულებელი იყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა