თეგებით ძიება

"კადრების დეფიციტი არის, თუმცა ფინანსებით გვარდება - კერძო სექტორი მუშახელში საჯარო უწყებებზე გაცილებით მეტს იხდის, რაც სახელმწიფო პროექტებისთვის გამოწვევაა

საქართველოში კვალიფიციური კადრების დეფიციტზე ბიზნესი უკვე წლებია საუბრობს. პრობლემას წარმოადგენს ზოგადად მუშახელიც, რომლის ნაკლებობას სამშენებლო სექტორი, განსაკუთრებით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიები ხშირად აწყდებიან. შედეგად, ბიზნესი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ ეტევა და უწევს ან ჯარიმის გადახდა, ანდაც პროექტის დროში გახანგრძლივებაზე დამკვეთ ორგანიზაციასთან შეთანხმება.

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სამშენებლო კომპანიებში კადრების დეფიციტზე საუბრობს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი გიორგობიანიც. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ კერძოსგან განსხვავებით სახელმწიფო პროექტებში მონაწილე კომპანიები დასაქმებულებს შედარებით ნაკლებ ხელფასს უხდიან [სახელმწიფო იხდის დაბალ ხელფასს].

რაც შეეხება კითხვას, უკავშირდება თუ არა დროში გაჭიანურებული პროექტები (მათ შორის, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია) და ტენდერებში მონაწილე კომპანიების დაჯარიმება (24-საათიან რეჟიმში შესრულების ვალდებულების დარღვევის გამო) კადრების დეფიციტს, გიორგობიანი მიიჩნევს, რომ პრობლემა უფრო მეტად ფინანსურ რესურსებს უკავშირდება.

მისი თქმით, სექტორში მუშახელის ნაკლებობასთან დაკავშირებით გარკვეული გამოწვევები ნამდვილად არსებობს, თუმცა აღნიშნული გამოწვევები ფინანსური რესურსების ხარჯზე გვარდება.

„საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს ასეთი ცნება - სამუშაოების აქსელერაციის ხარჯი (Acceleration Cost). ეს იმას ნიშნავს, რომ თუ დამკვეთი ითხოვს დაგეგმილი სამუშაოების ტემპის გაზრდას, ეს შემსრულებელ კომპანიას დამატებით უნდა აუნაზღაურდეს.

სამწუხაროდ, ჩვენი ფასწარმოქმნის სისტემა მსგავს ცნებას არ იცნობს. აქ მუშახელის დეფიციტზე არ არის საუბარი. რა თქმა უნდა, ამ კუთხით პრობლემები არის, თუმცა ეს პრობლემები ფინანსებით გვარდება.

მეორე მხრივ, არსებული სამშენებლო ნორმებით, თბილისში, მაგალითისთვის, რუსთაველის გამზირზე შესრულებული სამუშაოები, გართულებულ პირობებში შესრულებულ სამუშაოებად ითვლება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვეულებრივ გზასთან ან გარემოსთან შედარებით, რუსთაველის მსგავს რთულ ვითარებაში მუშაობა დაახლოებით, 30-40%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს. საჭიროა, ამ ნაწილის სწორად განფასებაც.

ასევე, საინტერესოა ამ ტენდერის [რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია] ისტორიის განხილვაც. რა ფასით ცხადდებოდა ის მანამდე და რამდენჯერ ჩავარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ვფიქრობ, რომ პირიქით, მაქსიმალური ხელშეწყობა უნდა გამოიჩინონ იმ სამშენებლო კომპანიის მიმართ, რომელიც ამ სამუშაოებს ასრულებს და უდიდესი წნეხის ქვეშ იმყოფება. საჭიროა მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა დათქმულ დროში მივაღწიოთ იმ შედეგს, რაც ყველას გვინდა.

ჩვენ მუშახელის დეფიციტზე საუბრისას ვგულისხმობთ მოვლენას, როდესაც მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს. ამასთანავე, ცალკე საკითხია კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი და ა.შ.

მოგეხსენებათ, რომ სამშენებლო სექტორს მოთხოვნის ორი ძირითადი მდგენელი ჰყავს. ერთია სახელმწიფო და მეორე კერძო სექტორი. კერძო სექტორში ვგულისხმობ იმ დეველოპერულ პროექტებს, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება.

კერძო სექტორი სახელმწიფოსთან შედარებით მუშახელში გაცილებით მაღალ ანაზღაურებას იხდის, რაც თავის მხრივ გამოწვევებს ქმნის იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ოპერირებენ.

ინდექსაციის კომპონენტი ძალიან კარგი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ კომპანიებს კვალიფიციური კადრების შენარჩუნებაშიც დაეხმარება და მიღებულ ზარალებსაც ნაწილობრივ დააკომპენსირებს“, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა