თეგებით ძიება
07. 06. 2021 მსოფლიო

დაჯარიმდა პირი, რომელიც ბავშვებს ე.წ. „მაუგლის მეთოდით“ ავარჯიშებდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტი დაადგინა. საქმე ეხება სოციალურ მედიაში გავრცელებულ, სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევებს ე.წ. „მაუგლის მეთოდით“.

„შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ ფიზიკურ პირს, რომელიც აღნიშული მეთოდით პაციენტებს, მათ შორის არასრულწლოვნებს ე.წ. სამედიცინო მომსახურებას უწევდა, ჯანდაცვის სამინისტროს ერთიანი სასერტიფიკაციო მონაცემთა ბაზის მიხედვით, არ გააჩნია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი არც ერთ საექიმო სპეციალობაში, მათ შორის: პედიატრია, ნეონატოლოგია, ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია. ზემოაღნიშნულით დაირღვა, როგორც „საექიმო საქმიანობის შესახებ“, ასევე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ფიზიკური პირის მიმართ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ჩაბარდა სასამართლოს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფიზიკურ პირს განესაზღვრა სანქცია 1000 ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, პედიატრიული და ბიოეთიკის ასოციაციების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული მეთოდით მკურნალობა არ არის დანერგილი სამკურნალო ან გამაჯანსაღებელი პრაქტიკა.

„ამასთანავე, აღნიშნული სერვისის მიწოდება ხორციელდება არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის მიერ. ასევე არ იწარმოება სამედიცინო დოკუმენტაცია, რითიც ვერ დგინდება დაავადების ნოზოლოგიის არსებობა და გაწეული სამედიცინო დახმარების მოცულობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეგულირების სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, კლინიკურად შეაფასოს პირის მიერ მიწოდებული სერვისი. იმის გამო, რომ არ არსებობს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული დასკვნა არსებული სერვისის სამკურნალო ან გამაჯანსაღებელი მიზნით გამოყენების შესახებ, სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას და განსაკუთრებით მშობლებს, სიფრთხილე გამოიჩინონ ბავშვებთან მსგავსი ტიპის ჩარევების გამოყენების დროს“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა