ინდოელი ოლიმპიური ჩემპიონი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ინდოეთის ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში სუშილ კუმარი სპორტსმენის მკვლელობაში და დანაშაულებრივ შეთქმულებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, 4 მაისს, სპორტულ სტადიონზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად სულ სამი ადამიანი დაშავდა. მათ შორის, 23 წლის სპორტსმენი საგარ დანკარი, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სტადიონის მახლობლად გაჩერებულ ერთ-ერთ მანქანაში სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ავტოსადგომის მახლობლად დაწყობილ ჯოხებზე კი სისხლის კვალი იპოვეს.
დაპირისპირებაში ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი სპორტსმენი, სუშილ კუმარი მონაწილეობდა, რომელსაც გარდა სპორტული კარიერისა,ოფიციალური თანამდებობა აქვს დელის მთავრობის სპორტის განყოფილებაში.
BBC-ის ცნობით, კუმარი დანაშაულის ადგილიდან გაიქცა. სპორტსმენის დაკავება მხოლოდ სამი კვირის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
თავად სპორტსმენი ბრალდებებს უარყოფს.