თეგებით ძიება

"4-5 წლის ვიყავი, დამაწვინა ლოგინზე და მეხვეწებოდა, საცვლები გაიხადეო, ბოლოს მაიძულებდა ტანსაცმლის გახდას"

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტორია ვრცელდება:

"ჩემი ამბავი არავინ იცის, ვერც ვერავის მოვუყევი, ვერც ანონიმურად ვერც ისე, იმიტომ, რომ ასეთი ფსიქოლოგიური ტრავმა არასდროს მიმიღია.
დაახლოებით 4-5 წლის ვიყავი, როცა დედამ და მამამ ზაფხულში ოქროყანაში წამიყვანეს დასასვენებლად, ჩვენ და მეორე ოჯახს საერთო აივანი გვქონდა, რომლითაც პირველ სართულზე ჩავდიოდით. მეზობლის ბიჭს დავუმეგობრდი, ისე ვექცეოდი, როგორც საკუთარ ძმას. ის 14-15 წლის იყო.
ერთხელაც, დედა და მამა ეზოში ჩავიდნენ. ამ ბიჭის ბებიაც და მე მასთან ვიყავი გადასული. არ დამავიწყდება, როგორ დამაწვინა ლოგინზე და მაძინებდა, შენი ძილის დროაო (დღის 2 საათზე), მე კი არაფრით ვიძინებდი. მერე მეხვეწებოდა, საცვლები გაიხადეო. იმდენად უზრდელურად მიმაჩნდა, არც მიფიქრია ამის გაკეთება. ბოლოს მაიძულებდა და ცდილობდა ტანსაცმლის გახდას.

იმდენად შემეშინდა, რომ ენა ჩამივარდა, ვერც ვიყვირე, შემრცხვა. უბრალოდ, ვიღაცის ხმა გავიგე, კიბეზე რომ მოდიოდა. არ ვიცი, რა ძალამ მაკვრევინა ამხელა ბიჭისთვის, მაგრამ ისე მოვახერხე, რომ მისი კლანჭებისგან თავი დავიხსენი და გარეთ გავვარდი.

საბედნიეროდ, არაფერი მომხდარა, მაგრამ იმის მერე ვერც ჩემს მშობლებს ვუყურებდი თვალებში და მთელი ზაფხულიც სახლში გავატარე, მარტო არ ვრჩებოდი, ღამე ვერ ვიძინებდი იმის შიშით, ამ ბიჭს ჩემი სახლის კარი არ გაეტეხა და ისევ იმ უბედურებაში არ დავებრუნებინე. ისე დამემუქრა, მშობლებს არ უთხრაო, თორემ დედაშენს ვეტყვი, როგორც მოიქეციო, და მე სულელმა არაფერი ვთქვი, მან კი რამდენჯერმე სცადა ჩემთან მოკარება.

როცა ჩვენ იმ სახლიდან წამოვედით, მეორე ოჯახი მივიდა, რომელსაც ჩემნაირი პატარა გოგო ჰყავდა, დღემდე ვნანობ, რომ ხმა არ ამოვიღე.
ამის მერე ისევ არაერთხელ ამკიდებია ქუჩაში კაცი, რამდენჯერ ყოფილა, რომ ტაქსის მძღოლები, გამვლელი ბიჭები უტაქტოდ მომქცევიან.
დღესაც კი მომდის მესიჯები ჭავჭავაძეზე: “სად მისეირნობ?”, ხან ძვირფასი საჩუქარი მხვდება კართან, ან ვარდები. ისიც კი შემიმჩნევია, როგორ დამყვება ვინმე უკან, წრეებზე დამიწყია სიარული. ამის მერე ყველა კაცი მეზიზღება, ყველა ბიჭთან მეშინია ურთიერთობა, ყველას ვუყურებ, როგორც პოტენციურ მოძალადეს.

21 წლის ვხდები და შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ, მხოლოდ იმ შიშის გამო, რომ თუ ვინმე შემიყვარდება, მოძალადე არ გამოდგეს, ვიცი, ძალიან არასწორია ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა, მაგრამ მთელი ცხოვრება მელექებოდა უამრავი ტრავმა. მაშინ ხმა რომ ამომეღო, იქნებ რომელიმე გოგო გადამერჩინა ძალადობისგან, არ ვიცი... როცა კაცები მეუბნებიან, შენნაირი გოგო მარტო რატომ დადის, ამ ბიჭებს თვალები სად აქვთო, იქვე ზიზღის გრძნობა მიჩნდება, ტანში მაჟრიალებს და შიში მეწყება".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა