თეგებით ძიება

"ფლირტის ან ღალატის გამო რომ ვკლავდეთ ადამიანებს, კაცები ამოწყდებოდნენ" - რას წერს ბაია პატარაია?

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოლიეციელი სტატუსს ეხმაურება, რომელმაც დაწერა, რომ ხშირად ქალები არიან დამნაშავეები და კაცებს ძალადობისკენ უბიძგებენ.

"პოლიციელი წერს, ძალადობას არ ვამართლებ, მაგრამო ქალი რო კაცს გაეფლირტავება, ყველა სხვა ქალის სიცოცხლეს უქმნის საფრთხესო. ჯერ ერთი - რა მაგრამ?! ფემიციდზე რომ "მაგრამს" იტყვი, უკვე მკვლელს ამართლებ; მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი - შეიგნეთ, რომ ქალი არის სრულფასოვანი ადამიანი, რომელიც თვითონ წყვეტს ვისზე იქორწინოს, ვის გაშორდეს და ვის და როდის ეფლირტაოს. დიახ, გათხოვილი ქალიც მარტო და დამოუკიდებლად წყვეტს საკუთარ პირად ცხოვრებას, იმიტომ რომ მონა არ არის - ადამიანია!

ამ პოლიციელმა აშკარად არ იცის, რომ ქალი ქმრის ან კაცის ნივთი და მონა არ არის და სრული თავისუფლება აქვს დამოუკიდებლად მართოს პირადი ცხოვრება. სანამ ამას არ შეიგნებთ, ყოველთვის გააპრავებთ ფემიციდს.

და საერთოდ, რა სამარცხვინოა ფემიციდის გამართლება ფლირტით? ფლირტის ან ღალატის გამო რომ ვკლავდეთ ადამიანებს, კაცები ამოწყდებოდნენ.
ერთგულება მხოლოდ ქალებითვის რომაა სავალდებულო, როდის უნდა ვაღიაროთ? ბევრი ქალი ცდილობს, კაცზეც გაავრცელოს ერთგულების ვალდებულება და სწყინს, რომ არ გამოსდის. სინამდვილეში, ყველა ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი პირად ცხოვრებაში და საკუთარი პასუხისმგებლობით იცხოვროს.
შეეშვით ერთგულების ქალებისათვის თავმოხვევას. არც კაცი და არც ქალი არ არის ვალდებული! ერთგულება არჩევანია და არა ვალდებულება - კაცებში ასეა, ხოდა, დროა ქალებშიც ასე იყოს. ფემიციდი დგას ქალის თავისუფლებების არაღიარებაზე და ქალის დამონებაზე, რადგან ბევრი კაცი თვლის, რომ თავად თავისუფალია, ქალი კი მონაა.

როდესაც შევთანხმდებით ქალების სრულფასოვნებაზე, როდესაც ვაღიარებთ ქალის თავისუფლებას და არჩევანის უფლებას, როდესაც მივხვდებით, რომ ქალი ისეთივე ადამიანია, როგორც კაცი, მაშინ დასრულდება ფემიციდი და გენდერული ჩაგვრა", - წერს უფლებადამცველი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა