"ნიანგის ცრემლებს", რომ ვღვრიდით ქალთა მიმართ ძალადობაზე, ეს ძალადობა, ზოგადად, ძალადობრივი გარემოს პროდუქტია" - რას წერს რომან გოცირიძე?
პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ნიანგის ცრემლებს, რომ ვღვრიდით ქალთა მიმართ ძალადობაზე, ეს ძალადობა, ზოგადად, ძალადობრივი გარემოს პროდუქტია.
"თუ არ ვცდები, პირველად პირდაპირ ეთერში გრეჩიხა უმცროსმა დაიგინა ბენდუქიძესთან დებატებში, მერე არც იმას დაუკლია. პარლამენტში სანამ კვირიკაშვილი ოპონენტების კეთილებს მოიკითხავდა, მანამდე კაკო ბობოხიძეს ჰქონდა ეს ამბავი დაპატენტებული ( ობიექტურობისათვის-ბოდიში მოიხადა მყისვე, სხვებისგან განსხვავებით). ათიოდე წლის წინ, თუ მსგავსი რამ იშვიათი გამონაკლისი იყო, ახლა წალეკა სოციალური ქსელები და მედია უცენზურობამ, უზრდელობამ და უკულტურობამ. არა გაქვს არგუმენტი?-დაიგინე, მეტი სიმძაფრე გინდა შემატო თემას-მეტი სიმძაფრით შეაგინე, სიღრმე გინდა ჩააქსოვო შენს მოსაზრებას-ქუჩის ვულგარული ენა გამოიყენე ან სულაც კრიმინალური სამყაროს სლენგი.
პოლიტიკოსები სხვებზე მეტად ჩანან და რადგან სხვებისთვის მისაბაძი უნდა იყვნენ, ამიტომ ვახსენე, თორემ ამ საკითხში სულაც არ არიან მოწინავეები. რიგითი თუ არარიგითი ფეისბუკაქტივისები ლიდერობენ ჯერ-ჯერობით.
ყველაფერი ენით იწყება. ფიზიკური ძალადობის პრელუდია ვერბალური ძალადობაა. მთელი გუშინდელი დღე, ნიანგის ცრემლებს რომ ვღვრიდით ქალთა მიმართ ძალადობაზე, ეს ძალადობა, ზოგადად, ძალადობრივი გარემოს პროდუქტია. დეპოლარიზაცია და მსგავსი მოწოდებები დემაგოგიაა, ქვეყანაა პოლარიზებული, რომელსაც ცეცხლს ენები უნთებენ.
როცა შორეული სტუდენტობისას ჰენრი მილერის წიგნები წავიკითხე, ის კი არ ვიფიქრე, რა ცუდი გავლენა შეიძლება მოეხდინა მის ენას სხვებზე, არამედ პირიქით-ხელოვნების დონემდე აყვანილი ეს ეროტული ლექსიკა “ბინძური” მეტყველების ხალისს დაგიკარგავდა ადამიანს. ამ საქმესაც თურმე ცოდნა და გემოვნების ქონა სჭირდება.
იმათ კი, რომლებიც კვლავაც აპირებენ თვითშეგინებას ( ექსკლუზიურად ქართული მოცლენაა) თუ სხვისშეგინებას, ვურჩევ ცოტა დახვეწონ გამონათქვამები, წაიმეცადინონ, მთლად ჰენრი მილერს ნუ მიადგებიან თავიდან, ის უმაღლესი პილოტაჟია, სხვების მოძიებაც შეიძლება. ოღონდ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს-ქმედებას ყოველთვის მოსდევს უკუქმედება, გინება იწვევს უკუგინებას. ჩათვალეთ, რომ ეს ბილწსიტყვაობის პირველი კანონია", - წერს გოცირიძე.