"მეშინია, გული არ გაუსკდეთ და აქეთ ვიმალები..." - თამო კეშელავა სახალისო ისტორიას აზიარებს
ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას აზიარებს სახლის ბინადრებზე, რომლებიც მას დაუკითხავად შეუსახლდნენ.
"რამდენიმე წლის წინ, ერთი პატარა თაგუნია შემოგვეკედლა... დავინახე და შევყვირე, შევყვირე და სასწრაფოდ თაგვის წამალი დავუდგი... არ მიეკარა... სხვაგან დავდე წამალი, არც იქ მიეკარა... ძეხვში და ყველში დავმალე – არ გაჭრა... ვიფიქრე, შეიძლება ადამიანის სუნი სცემს და იმიტომ–თქო -
ხელთათმანები ჩავიცვი და ჩუმად (რომ არც დავენახე) მოვათავსე წამალი ძეხვსა და ყველში – თქვენც არ მომიკვდეთ... ხაფანგი მკვლელობის სისხლისმიერი გზაა და არ მხიბლავდა, მაგრამ რაკი სხვა გზა აღარ დამიტოვა – ეგაც ვიკადრე... არ გაჭრა!
შიგადაშიგ, დაქირავებული მკვლელების დახმარებით ლიკვიდაციის მცდელობებიც გვქონდა – ჩემი მეგობრები ვერ ურიგდებოდნენ ჩემ მარცხს და თავს გამოიდებდნენ – არა მე დავიჭერ, არა – მეო... ბოლო დროს უკვე ვატყობდი, მიხაროდა, რომ მათაც არაფერი გამოსდიოდათ... მივეჩვიე, როგორც სჩანს...
საქმე იქამდე მივიდა, ხელსაც ვაფარებდი – როცა უხერხულ დროს აცქმუტდებოდა ხოლმე, ანუ, სტუმრების თანდასწრებით – ჩავახველებდი, თაგუნიას ჩხარუნის გადასაფარად...
ჩემი თაგუნია, როგორც მიხვდით, ჭკვიანი და მორიდებულია, ისეთი მორიდებულია, რომ მისაღებშივე იძინებს, საძინებელშიც არ შემოდის, რომ არ შემაწუხოს... ჩემი თაგუნია, ისეთი ჭკვიანია, რომ როცა ზაფხულში ჩემ შვილს დასასვენებლად ვუშვებ და მარტო დარჩენილი სადილ–ვახშამს აღარ ვათუხთუხებ (ხან სამსახურში შევექცევი, ხანაც მეგობრებთან – მარტო კაცის ჭამის საცოდაობის ამბავი ხომ გაგიგიათ) – თაგუნიაც მიდის სახლიდან, მიდის და ზუსტად სექტემბერში – თოკოს დაბრუნებისთანავე ბრუნდება... არ ვიცი, სად დადის, ზღვაზე ნამყოფს არ ჰგავს – რუჯი არ აქვს...
მოკლედ, ასე ტკბილად გადიოდა დრო, მაგრამ... ჩემი თაგუნია გათხოვდა (თაგვიც რომ დაგასწრებს გათხოვებას), გათხოვდა და მალევე გაშორდა... ქმარი რის ქმარია, სიურპრიზი არ დაგიტოვოს – სამი პატარა დაუტოვა სახსოვრად თაგუნიას... აი, ახლა მაქვს საქმე ცუდად:) დავინახავ ამ მოცუცქნულებს – შევყვირებ და შევხტები – შევყვირებ და ის პატარებიც შეხტებიან, შეხტებიან და ჰაერშივე ხუთჯერ მაინც დაბზრიალდებიან, მეშინია გული არ გაუსკდეთ და აქეთ ვიმალები... ამას წინათ მაცივარსა და გაზს შორის შევამჩნიე ერთ–ერთი და თვალი ავარიდე.
ერთხელ სამივე ერთად ვიპოვნე ნაგვის ვედროში, ფრთხილად გავიყვანე ქუჩაში და გზის მეორე მხარეს გავუშვი სამივე... სახლში რომ შევდიოდი, კარი გავაღე და თავპირისმტვრევით შემასწრო სამივემ სახლში.
ისე, ეგენი ისეთი თურუმსაღები არიან, არ გამიკვირდება ფეისბუქიც რომ ჰქონდეთ... ჰოდა, ამ პოსტს თუ კითხულობს დედა–ბატონი: – მესმის, ქალბატონო, რომ უკვე მცრიწლოვნების მრავალშვილიანი დედა ხარ (მომესწრო, თაგუნია, მომესწრო), მაგრამ ან ქირის ნახევარი გადაიხადე, ან სადილი გააკეთე, ან ჭურჭელი დარეცხე.... რა ვქნა, მეც ხომ ადამიანი ვარ, არა?!
ეს 6 წლის წინანდელი პოსტია და ამ წერილის მერე მართლა ოთხივე წავიდა, დედაც და შვილებიც.
ახლაც თუ წაიკითხავ, თაგუნია, მომენატრე, მაგრამ არც იმდენად, რო დაბრუნდე", - წერს კეშელავა.