ჩვენი საერთო მტრისთვის ის რუსია, შესაბამისად, საშიშია - მედვედევი Telegram-ის დამფუძნებლის პაველ დუროვის დაკავებაზე
რუსეთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, „ტელეგრამის“ დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, პაველ დუროვის დაკავებას გამოეხმაურა.
დუროვის დაპატიმრების შემდეგ მედვედევმა ტელეგრამის დამფუძნებელთან საუბარი გაიხსენა.
ამასთან, კრემლის ყოფილ ლიდერს მიაჩნია, რომ დუროვმა არასწორი გათვლა გააკეთა მაშინ, როდესაც სამშობლოდან წავიდა.
"ერთხელ, საკმაოდ დიდი ხნის წინ, დუროვს ვკითხე, რატომ არ სურდა თანამშრომლობა ძალოვან უწყებებთან, როცა საუბარი იყო მძიმე დანაშაულებზე. ”ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია”, - მითხრა მან. „მაშინ ნებისმიერ ქვეყანაში სერიოზული პრობლემები გექნება", - ვუთხარი მე. ყველა ჩვენი საერთო მტრისთვის ის რუსია, შესაბამისად, არაპროგნოზირებადი და საშიშია. განსხვავებული სისხლისაა. ნამდვილად არც მასკია და არც ცუკერბერგი (რომელიც, სხვათა შორის, აქტიურად თანამშრომლობს FBI-სთან). დუროვმა ბოლოს და ბოლოს უნდა გააცნობიეროს, რომ სამშობლოს არჩევა, ისევე როგორც დროისა, შეუძლებელია“, - წერს მედვედევი ტელეგრამზე.
ინფორმაციისთვის, პაველ დუროვი პარიზის გარეთ, ბურჟეს აეროპორტში საფრანგეთის პოლიციამ 24 აგვისტოს დააკავა.
BFMTV-ის ცნობით, საფრანგეთის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც ფრანგულ საბაჟოსთან არიან დაკავშირებულები, დუროვი 24 აგვისტოს საღამოს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ის აზერბაიჯანიდან ბურჟეს აეროპორტში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა.
საფრანგეთის პოლიციამ რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე 39 წლის დუროვის წინააღმდეგ წინასწარი გამოძიება დაიწყო და მისი დაკავების ორდერი გასცა.
მას ბრალად ედება „ტელეგრამის“ პლატფორმაზე ზომიერების ნაკლებობა, რამაც შეტყობინებების აპლიკაცია ფულის გათეთრების, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და პედოფილური კონტენტის გაზიარების ინსტრუმენტად აქცია, იტყობინება BFMTV.