თეგებით ძიება

"ერთხელ ბოსელში თოკი მივიტანე, ჩამოვკიდე, ვუყურე და…"- გიორგი კეკელიძე ბავშვობას იხსენებს

მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს, მშობლებს, მასწავლებლებს, პოლიციელ-გამომძიებლებს უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვების ყველაზე დიდი მტერი მათი არშემჩნევაა, ლუკაც ამის მსხვერპლი იყო და კიდეც სხვა არაერთი, ვინც ჩვენი სხვაგან მზერით თოკამდე მივიყვანეთ – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე აქვეყნებს სტატუსს.
„მეხუთე კლასში ვიყავი, როცა სკოლიდან დაბრუნებულს, სადილად მსხდარმა ოჯახის წევრებმა მითხრეს – წადი ბაბუას დაუძახე, შემოგვიერთდესო. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო; ბაბუაჩემი, ჩემი გმირი და მეზღაპრე, თხილის ბაღში მუშაობდა ხოლმე და მე ვეძახდი სადილად. მაშინც მივირბინე და შაქროს ყველაზე მაღალი თხილის ხე შეერჩია, თოკი მიება და ირწეოდა. ბაბუამ თავი ჩამოიხრჩო. მას მერე, დიდხანს, დიდხანს ვფიქრობდი ამაზე და ეს საშინელი საქმე მიმზიდველად მეჩვენებოდა. ერთხელ ბოსელში თოკი მივიტანე, ჩამოვკიდე, ვუყურე, ვუყურე, შემეშინდა და გამოვიქეცი.

არის ასაკი, როცა ყველაფერი გადამდებია და მით უფრო ისეთი რამ, რაც ირიბ, უცნაურ და გამომწვევ საქმედ მოსჩანს.

ეს ამბავი ადრეც დავწერე და ახლა ერთი მოსწავლის facebook-ის სურათზე შემორჩენილმა წარწერამ – „ამ ცხოვრების დედაც” გამახსენა. მაშინაც ვთქვი და ახლა მასაც ვუთხარი დ სხვა პატარებსაც ვეტყვი, რომ სიცოცხლე არის მშვენიერი. და სადაც შეამჩნევთ, რომ ის საშინელი ხდება, უნდა იბრძოლოთ, ოღონდ ჩემთან და სხვებთან ერთად უნდა იბრძოლოთ.

და ჩვენ – მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს, მშობლებს, მასწავლებლებს, პოლიციელ-გამომძიებლებს უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვების ყველაზე დიდი მტერი მათი არშემჩნევაა. ყველაზე მეტად გულგრილობა სტკივათ ბავშვებს. ლუკაც ამის მსხვერპლი იყო და კიდეც სხვა არაერთი, ვინც ჩვენი სხვაგან მზერით თოკამდე მივიყვანეთ. ხანდახან მათ ეს ფრაზა სახეზე აწერიათ – უბრალოდ, უფროსებს კითხვა დაგვავიწყდა. ბავშვის თვალების კითხვა. ეს უნდა ვისწავლოთ,“ – წერს გიორგი კეკელიძე.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა