გია ხუხაშვილი ხელისუფლებას ურჩევს, არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შექმნას
ექსპერტი გია ხუხაშვილი ხელისუფლებას სთავაზობს, ოპოზიციას მოუწოდოს პარლამენტში შესვლისკენ და არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შექმნან.
როგორც ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, თუ კომისიის მუშაობის შედეგად დამტკიცდება, რომ არჩევნები იმ დოზით გაყალბდა, რომ შედეგები არსებითად შეიცვალა, ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს უნდა დათანხმდეს, იმ შემთხვევაში კი თუ ოპოზიცია ამას ვერ დაამტკიცებს, „ყველაფერი დასრულდება“.
„მაქვს რაციონალური წინადადება, თუ ხელისუფლება, როგორც ამბობს, დარწმუნებულია არჩევნების შედეგებში და ამბობს, რომ ოპოზიცია რაღაცებზე სპეკულირებს, მაშინ შეიძლება ასეთი ხელშეკრულების დადება, რომ ოპოზიციას მოუწოდონ, შევიდნენ პარლამენტში, დათანხმდენენ იმაზე, რომ შეიქმნება საგამოძიებო კომისია არჩევნებთან დაკავშირებით. საგამოძიებო კომისია შეისწავლის ყველა გარემოებას. დაკითხავს თამარ ჟვანიას და სხვებს, ამ ყველაფერს ცივილიზებული სახე მიეცემა და პარლამენტის კედლებში გადაინაცვლებს და ხელისუფლებამ დადოს პირობა, რომ თუ კომისიის მუშაობის შედეგად გამოვლინდა, რომ არჩევნები გაყალბდა იმ დოზით, რამაც არსებითად შეცვალა შედეგი, ამ შემთხვევაში დათანხმდება რიგგარეშე არჩევნებს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
Ipn.ge