თეგებით ძიება
12. 11. 2020 მსოფლიო

მე პირადად ვარ პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე – ნიკოლ ფაშინიანი

„თუკი იყო წარუმატებლობები, ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც შევცდი, მაგრამ უნდა გავიგოთ, როდის და რაში, განსაკუთრებით შექმნილ ვითარებაში“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვისას.

ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღის საკითხზე საკუთარი შეცდომების გაანალიზებას შეეცადა – თანამდებობის დაკავებიდან, 10 ნოემბერს, კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე.

ძირითადი კითხვა, რომელზე პასუხის გაცემასაც პრემიერი შეეცადა, ასეთი იყო: რა ვერ გააკეთა მან, როგორც საჭიროა, ომის თავიდან ასაცილებლად.

მან განმარტა, რომ 2018 წელს, პრემიერის თანამდებობის დაკავებისა და ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხის გაცნობის შემდეგ, გაარკვია ის, რის შესახებაც არ გააფრთხილა მოსახლეობა. საუბარია იმაზე, რომ სომხური მხარისგან ელოდნენ ყარაბაღის გარშემო არსებულ 5 რაიონზე უარის თქმას – მთიანი ყარაბაღის სტატუსის დაზუსტებისა და მისი განსაზღვრის კონკრეტული მექანიზმების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში – ომი.

ფაშინიანის განცხადებით, ის ამის შესახებ ხალხთან არ ლაპარაკობდა არც მაშინ და არც 2020 წლის სექტემბრის დასაწყისში, როდესაც გაჩნდა ომის დაწყების პირველი ნიშნები და არც ომის საწყის ეტაპზე. მისი თქმით, სომხურ საზოგადოებაში ცოტა ვინმე თუ დათანხმდებოდა შემოთავაზებულ პირობებს იმ ეტაპებზე, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ახლაც, დიდი წარუმატებლობების შემდეგ, ადამიანებს ამის მიღება არ შეუძლიათ.

ამას გარდა, ის თვითონაც ეძებდა მოლაპარაკებების ლოგიკის შეცვლის შესაძლებლობას, ცდილობდა ყარაბაღის მცხოვრებთა უფლებებისთვის ბრძოლას და ამისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას იღებდა. ომის პირველ ეტაპზე კი მისი მიმდინარეობის გარდატეხის მცდელობა ჰქონდათ. მაგრამ, ფაქტობრივად, არაფერი გამოვიდა.

არც მოლაპარაკებების მიმდინარეობის გარდატეხა მოხერხდა, იმიტომ, რომ ეს იყო, როგორც ფაშინიანი ამტკიცებს, ერთადერთი თეზისი, რომლის ირგვლივაც სხვადასხვა ინტერპრეტაცია არ იყო.

ფაშინიანი ასევე შეეხო საზოგადოებაში გავრცელებულ მითს იმის შესახებ, რომ დარეგულირების პრინციპები შემუშავდა „გარკვეული საგარეო-პოლიტიკური საკითხების გამო“ – სავარაუდოდ, მან მიანიშნა თავის არცთუ ისე თბილ ურთიერთობებზე რუსეთთან, რომელიც მის წინამორბედებს უჭერდა მხარს. და სწორედ ამაში ადანაშაულებს მას ახლა ოპოზიცია.

მაგრამ, მისი თქმით, ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის მიდგომები იგივე იყო 2015 და 2016 წლებშიც. ამასთან, ფაშინიანი ნანობს, რომ სომხეთი მთელი ამ დროის განმავლობაში ვერ დაუპირისპირდა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ყარაბაღის კონფლიქტის, როგორც ტერიტორიული დავის აღქმას.

დასკვნაში ფაშინიანმა განმარტა, როდის მიიღეს ყარაბაღის გარშემო არსებული რაიონების გადაცემისა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გადაწყვეტილება. ეს მომენტი მაშინ დადგა, როდესაც ნათელი გახდა, რომ ვითარების გარდატეხის შესაძლებლობები არ არსებობს და დადგა ამოცანა, თავიდან აერიდებინათ ყველაზე უარესი სცენარი.

„ახლა შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ რომ ერთი წლის წინ დავთანხმებოდით ამ პირობებს, მაშინ უფრო ხელსაყრელი ვითარება გვექნებოდა, ვიდრე ახლა. მაგრამ ვინ დაიჯერებდა ამას ერთი წლის წინ? ცოტა ადამიანი. მე თავად ვერ დავიჯერებდი. და გამოვიდოდა, რომ ჩვენ უბრძოლველად მივეცით რაღაც და არ შევეცადეთ გაბრძოლებას“.

გადახედა რა განვლილ გზას, პრემიერმა აღიარა, რომ სწორედ ამ სიბრტყეში ხედავს თავის შეცდომებს და მზადაა, მათზე პასუხისმგებლობა იკისროს. მაგრამ, ამასთან, აცნობიერებს, რომ ალტერნატიული გადაწყვეტა სომხური მხარისთვის მიუღებელი იქნებოდა.

ის ასევე აღიარებს, რომ მიუხედავად მისი მმართველობის პერიოდში არმიის პრობლემებისადმი დათმობილი ყურადღებისა, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მის განვითარებაში საკმარისი რესურსების ჩადება, რამდენიც სასურველი იყო.

„ახლა გვრჩება კონცენტრირება სომხეთისა და ყარაბაღის გაძლიერებაზე – ინტელექტუალურად, ეკონომიკურად, გავაცნობიეროთ, რომ დიახ, ჩვენ დავეცით, რომ მუხლებზე არ დავდექით, ვაჟკაცურად ვიბრძოლეთ ბოლომდე და ზღვარზე (უფსკრულის) გადავწყვიტეთ, რომ არ ჩავვარდნილიყავით ფსკერზე. ეს მტკივნეული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ აუცილებელი და გარდაუვალი, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ვითარება გაცილებით უარესი იქნებოდა“.

ფოტო:ნიკოლ ფაშინიანი მეუღლესთან ერთად „ხავერდოვანი რევოლუციის“ დღეებში. ერევანი, 2018. ფოტო: Reuters

progressnews.press


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა