თეგებით ძიება
07. 12. 2020 მსოფლიო

აშშ-ის მოქალაქეობის ტესტი იცვლება და რთულდება

შეერთებული შტატების მუდმივ მცხოვრებლებს, რომლებიც ამერიკის მოქალაქეობის მიღებას ცდილობენ, უფრო რთული და გრძელი მოქალაქეობის ტესტის გავლა მოუხდებათ.

ახალი სამოქალაქო განათლების ტესტი 128 შეკითხვისგან შედგება და მათ, ვინც მის გავლას გადაწყვეტს, ამერიკის ისტორიასა და მთავრობაზე შეკითხვებს უნდა უპასუხონ.

აქამდე ტესტი 100 კითხვას მოიცავდა. ყველა, ვინც ნატურალიზაციაზე განაცხადს პირველი დეკემბრის შემდეგ შეიტანს, ამ ახალი ვერსიის ტესტის გავლა მოუწევს, რომელშიც ახლა 128 კითხვაა.

ამერიკის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური (USCIS), ფედერალური სააგენტო, რომელიც შეერთებული შტატების საიმიგრაციო სისტემას მართავს, 2019 წელს აცხადებდა, რომ გეგმავდა ტესტის გაუმჯობესებას. ეს ნაბიჯი სააგენტომ საბოლოოდ გასულ კვირას გადადგა.

„ტესტის განახლება, შენარჩუნება და გაუმჯობესება, რომ ის ახალი და რელევანტური იყოს, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რათა დავეხმაროთ ახალ მოქალაქეებს, სრულად ესმოდეთ ამერიკის მოქალაქეობის მნიშვნელობა და ის ღირებულებები, რომლებიც ყველა ამერიკელს აერთიანებს“, - განაცხადა კენ კუჩინელიმ, რომელიც სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

მსურველებმა ტესტის ჩასაბარებლად 20-დან 12 კითხვას უნდა უპასუხონ სწორად. აქამდე მოთხოვნა 20-დან 10 სწორი პასუხი იყო.

მოქალაქეობის ტესტის ბოლო მოთხოვნაა შეერთებულ შტატებში ლეგალურად მყოფი მუდმივი მცხოვრებლებისთვის, ე.წ. მწვანე ბარათის მფლობელებისთვის, ამერიკის მოქალაქეობის გზაზე.

ტესტი ზეპირად ტარდება ნატურალიზაციის ინტერვიუს დროს, რაც ერთ-ერთი ბოლო ეტაპია მოქალაქეობის მიღების პროცესში.

ახალი ტესტი ასევე ინგლისური ენის ცოდნის უფრო მაღალ დონეს საჭიროებს. თუ ადრე მაღალი-დამწყები ინგლისური ენის ცოდნა იყო საჭირო, ახლა უკვე ტესტის ჩაბარებისთვის მაღალი-საშუალო დონეა საჭირო.

ამერიკის მოქალაქეობის მსურველები ტესტისთვის თვეობით ემზადებიან. „მოქალაქეთა მომზადების პროგრამა“ ყოველწლიურად, დაახლოებით, 300 მწვანე ბარათის მფლობელს ეხმარება ტესტისთვის მომზადებაში.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა იცოდნენ, რა მოეთხოვებათ მათ და რაც შეიძლება კარგად უნდა მოვამზადოთ ისინი“, - ამბობს ნენსი ნიუტონი, მონტგომერის კოლეჯის „მოქალაქეთა მომზადების პროგრამის“ ხელმძღვანელი.


"რადიო თავისუფლება"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა