"ეს პოლიტიკა არაა! ეს ნეანდერტალელების ძიძგილაობაა მამონტის ნარჩენების გასაყოფად! პარტია თუ ხარ, ერთ ტელევიზიაზე და მის უგარყვნილეს წამყვანზე არ უნდა იყო დამოკიდებული!"
პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„ხელისუფლება ხვდება, რომ ოპოზიციის გარეშე პარლამენტში მუშაობა მათი მმართველობისთვის, მათი რეპუტაციისთვის მორიგი უმძიმესი დარტყმა იქნება. შესაბამისად, ცდილობენ, რომ უპატიოსნოდ ჩატარებული არჩევნების შემდეგ სახე შეინარჩუნონ და გარკვეული დათმობებისთვისაც მზად არიან.
რიგი ოპოზიციური პარტიები ხვდებიან, რომ არჩევნებში მიღებული შედეგები მათთვის გამარჯვების ტოლფასი იყო, ენმ-მ კი ისინი მარცხის, ქუჩაში ყოფნის, უპერსპექტივობის თანაზიარი გახადა. შესაბამისად, მათაც დაიწყეს ფიქრი გარკვეულ შეთანხმებაზე, რათა ენმ-მ ბოლომდე არ შთანთქას ისინი. აქედან გამომდინარე, მესამე რანგის პარტიებიც მზად არიან დათმობისთვის, შეთანხმებისთვის.
აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოები ცდილობენ, რომ ხელი შეუწყონ პროცესების ქუჩიდან პარლამენტში გადატანას. გადასარევად იციან, რომ არჩევნები იდეალურად არ ჩატარებულა, მაგრამ ხედავენ – პარლამენტში ოპოზიციური წარმომადგენლობის რაოდენობაც გაიზარდა და ნაირგვარობაც. თან არც ერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არ საუბრობს ტოტალურ გაყალბებაზე. შესაბამისად, მათაც სურთ შეთანხმების მიღწევაში მიიღონ მონაწილეობა.
მგონი, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილსაც ყელში ამოგვივიდა ივანიშვილისა და მისი თანამდგომი უნიჭო იდიოტების ბრბოს მმართველობა, მაგრამ არ გვსურს მთავრობა, რომლის შემადგენლობაშიც ერთად იქნებიან სააკაშვილი, ბოკერია, ატოცთან ჩახდილები, ყოფილი რუსეთუმეები, მოქმედი გიჟები და ა.შ. შესაბამისად, ჩვენც საუკეთესო გზად შეთამხმება გვესახება, რათა ეს გაუთავებელი ჭორაობა, რაუნდები, აღებ-მიცემობა დროებით მაინც დასრულდეს გარკვეული შედეგით და ომმა პარლამენტში გადაინაცვლოს.
მაგრამ “მეოთხე ხელისუფლებიდან” ამოზრდილი ჟანდარმი, ინკვიზიტორი თავისი ისტერიული ტელევიზიით დაძრწის, დარბის, ქაქანებს და ყველას აშანტაჟებს, აშინებს, რომ არავითარ შემთხვევაში არანაირი შეთანხმება არ მოხდეს და ომი ქუჩა-ქუჩა გაგრძელდეს. მისი სატელევიზიო ეთერის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული პოლიტიკოსებიც ყოველდღე მიდიან ჟანდარმის გადაცემაში და უმტკიცებენ, თუ ვინ უფრო აქტიურად სპობს შეთანხმების შანსებს. აქეთ კობახიძე და მისი ავადმყოფური განცხადებები, მისი ავადმყოფური ყურადღება კვებავს ამ მონსტრის ამბიციებს და ინკვიზიტორიც ყველა შესაძლებლოვას იყენებს არეულობისთვის, მისთვის და მისი მიმდევრებისთვის ყოველთვის “მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლია”.
პარტია თუ ხარ ერთ ტელევიზიაზე და მის უგარყვნილეს წამყვანზე არ უნდა იყო დამოკიდებული! პარტია თუ ხარ შენი გამოკვეთილი სახე უნდა გქონდეს, არ უნდა იყო ადღვებილი და არ უნდა გეშინოდეს მარტო დარჩენის!
ეს პოლიტიკა არ არის! ეს არის ნეანდერტალელების ძიძგილაობა მამონტის ნარჩენების გასაყოფად!
სავარაუდოდ, არაფერი სერიოზული არ იქნება… ტყუილად ელოდებით ბოლო სერიას!“ – წერს ლევან ლორთქიფანიძე.