თეგებით ძიება

თუ „ოცნება“ პრეზიდენტის დაკავებაზე წავა, შეიძლება ხელისუფლებაში კაცი არ დარჩეს, რომელსაც არ დაასანქცირებენ – თუ ამაზე წამსვლელები არიან, უფრო მალე ჩამოიშლებიან - ბატიაშვილი

„ამათ [„ქართულ ოცნებას“] ზოგადად, სიშლეგეები ახასიათებთ და შეიძლება, ესეც გააკეთონ, მაგრამ ერთია, რას გააკეთებ და მეორე – რა შედეგი მოჰყვება“ – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ბატიაშვილი ამბობს, რომ თუ „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილს დააკავებს, ამას ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი ექნება.

„ამათ [„ქართულ ოცნებას“] ზოგადად, სიშლეგეები ახასიათებთ და შეიძლება, ესეც გააკეთონ, მაგრამ ერთია, რას გააკეთებ და მეორე – რა შედეგი მოჰყვება. თუ დღემდე მხოლოდ ერთი მინისტრია დასანქცირებული, შემდეგ შეიძლება მთელი მინისტრთა კაბინეტი და მოადგილეები დასანქცირდნენ. შეიძლება ხელისუფლებაში კაცი არ დარჩეს, რომელიც დასანქცირებული არ იქნება. თუ ამაზე წამსვლელები არიან, უფრო მალე ჩამოიშლებიან. ყველა ქმედებას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს და ეს ფასი ძალიან დიდი იქნება. თუ ვსაუბრობდით მაკრონის ივანიშვილთან საუბარზე, შემდეგ მაკრონი იძულებული გახდება ქმედებებზე გადავიდეს და საუბრით არ შემოიფარგლოს.

სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც საქართველოს სახელით უცხოელებს ელაპარაკება. მეტი ვეღარავინ. საგარეო საქმეთა მინისტრადაც არ მოიხსენიებენ ბოჭორიშვილს და მოიხსენიებენ როგორც პარტიის წარმომადგენელს. იგივეა სხვების, მათ შორის კობახიძის შემთხვევაშიც. ერთადერთია ზურაბიშვილი. მას საერთაშორისო ურთიერთობები კარგად ესმის. უცხოეთშიც მისი ფასი კარგად იციან. ამიტომ, მის დაპატიმრებას თუ შესაძლო სხვა ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებენ. რა თქმა უნდა, ივანიშვილს დათმობა მოუწევს. რაც მალე დათმობს, მისთვისაც უკეთესია და ქვეყნისთვისაც. თუმცა, ვნახოთ, 29-მდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. საერთაშორისო არენაზე და ქვეყნის შიგნითაც, წნეხი მზარდია. ეს გვაჩვენა გუშინ და გუშინწინდელმა აქციებმა, რომელიც მომატებულია როგორც რაოდენობის, ისე შინაარსის თვალსაზრისითაც. პოლიტიკური განზომილებაც მიეცა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა. ხალხი შეიძლება ფიქრობს, რატომ არ იყო სანქციები გუშინ და გუშინ წინ, მაგრამ შაბათ-კვირა დასვენების დღეა. სანქციები გაგრძელდება და ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა