ამ ერთ მუჭა ხალხს, ვისაც საბანი ბოლომდე გვწვდება, გვავიწყდება, რომ ბავშვებს არ აქვთ მთლიანი ოცნებები, ერთმანეთისთვის მოტეხილი სიხარულებით ცხოვრობენ - გიორგი კეკელიძე
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"ამასწინ, ერთ ძალიან, ძალიან შეჭირვებულ ოჯახს კომპიუტერი ჩავუტანე. მრავალშვილიანს. როგორც არის ხოლმე - წამიერი სიხარულის ჩასუნთქვა, რომ რაღაც კარგი გააკეთე, რომ მათი თვალებიდან წამოცდენილი ბედნიერება მთელი კვირა გეყოფა და სხვა მსგავსი თავისმოსატყუებელი ფიქრი. ჰოდა, პატარა ბიჭმა, კომპიუტერი გულზე მიიკრა და ასე იდგა გაშეშებული. ამ დროს, იქვე, მეზობელი ეზოდან მეორე ბიჭი გადმოვიდა, ოდნავ მოზრდილი, მიუახლოვდა და უთხრა: მომიტეხე. კომპიუტერზე უთხრა. როგორც ხაჭაპურზე და შოკოლადზე ვეუბნებით ხოლმე. პატარამ თავი დახარა და ხელი კიდევ უფრო მოუჭირა ნაჩუქარ ნივთს.
მეორემ, მეზობელმა, მე შემხედა და მე კიდევ ერთხელ მივხვდი, რაც ვიცოდი და ვიყრუებდი, რომ სადაც მივალ და ვინმეს ხელს გავუწვდით, ღობეს მიღმა იქნება სხვა, მეორე ბავშვი და იმ ღობის მიღმა ისევ იქნება სხვა - მესამე. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ჩვენ, ამ ერთ მუჭა ხალხს, ვისაც, რაღაც გამართლებით, საბანი ბოლომდე გვწვდება, ამ საბანს თვალებზეც ვიფარებთ და გვავიწყდება, რომ არსებობს სოფლები და სოფლებში სახლები და სახლებში ბავშვები და ამ ბავშვებს არ აქვთ მთლიანი ოცნებები, ერთმანეთისთვის მოტეხილი სიხარულებით ცხოვრობენ და ხან ეს სიხარული ვერ ტყდება, იმ კოპიუტერივით და სათამაშოსავით და ჯინსის შარვალივით და სულაც ცარიელია მათი სურვილების უჯრა.
ჩემი გზაც ეს არის, რომ ვივარჯიშო და თვალს ეს საბანი მოვაშორო, რომ თქვენც მოგაშოროთ ჩაბრუნებული მზერისგან ეს საბანი. რომ შევძლოთ და ამ ბავშვებს კომპიუტერები მოვუტეხოთ. თან ისე მოვუტეხოთ, რომ ყველას მთლიანი შეხვდეს", - წერს გიორგი კეკელიძე.