ბედნიერება რა არის, მე გეტყვით - აკა სინჯიკაშვილი
სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ბედნიერება რაც არის მე გეტყვით
ახალი წლის ღამეს, მთიან სოფელში, დიდი თოვლი რომ დევს, ძველ ხის სახლს რომ მიადგები და დაიძახებ
– მასპინძელო..
– რომელი ხარ? – ოდნავ შეშფოთებული ხმით გპასუხობს ქალი.
– ოოჰჰოჰჰოო ამ სახლში ვიცი რომ სამი კარგი ბავშვი ცხოვრობს და საახალწლო საჩუქრები მოვუტანე – უფრო ვიბოხებ ხმას.
ბავშვები დედას აღარ უჯერებენ, სამივე კართან მოცვივდებიან და გაფართოებული თვალებით გიყურებენ. ძველ და დახეულ სვიტერებში გახვეულები, მართლა ანგელოზებს ჰგვანან.
– იმისთვის რომ დედას უჯერებთ, იმისთვის რომ მარგალიტებივით ბავშვები ხართ, შორეული ქვეყნიდან ჩამოვედი და სათამაშოები ჩამოგიტანეთ.
ბიჭები მაშინვე დასტაცებენ ხელს ჭრელაჭრულა ქაღალდში შეხვეულ დიდ მანქანებს. გოგო მორიდებულად მართმევს, თვალს არ მაშორებს და ამბობს – გადახოტრილი თავი რომ გაქვს, არავის არ ვეტყვი და მე მაინც მიყვარხარ სანტაკლაუს.
დედა მადლობას მიხდის გაბზარული ხმით.
– ვნახავ როგორ ისწავლით და როგორ დაუჯერებთ დედას.თუ ისევ გაახარებთ, შემდეგ ახალ წელს ისევ დავბრუნდები – ხმა მეჭინჭყლება, ვბრუნდები და დაღმართზე ჩავრბივარ მანქანისკენ, რომ ნახევრად წაქცეულ ჭიშკართან, ბავშვების დედასთან ერთად არ ავტირდე ამსისქე კაცი.
აი ეს არის ბედნიერება.
675 ბავშვმა მიიღო საახალწლო და საშობაო საჩუქრები და ყველა სახლში სითბო და სიყვარული დავუტოვეთ ბავშვებს.
დიდი მადლობა თქვენ, უკვე ძალიან ბევრი წელია უფლებას რომ მაძლევთ ასეთი ბედნიერი ვიყო. ვუყურებდე ბავშვების ბედნიერ თვალებს და მათი ნამდვილი სანტა-კლაუსი ვიყო.
ნამდვილი სანტა-კლაუსები კი, თქვენ, საჩუქრების გამგზავნები და ეს ადამიანები არიან, რომლებიც უზარმაზარ შრომა გასწიეს, იმისთვის, რომ ყოველ ახალ წელს უფრო მეტი ბავშვი გავახაროთ“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.