მკვლელობა ვარკეთილში - „კურიერი“ სამეთვალყურეო კამერით გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი კადრები, რომელსაც მოგვიანებით განზრახ მკვლელობა მოჰყვა, "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა. კადრები სამეთვალყურეო კამერითაა გადაღებული. კონფლიქტი, რომელიც ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მოხდა, ერთი ახალგაზრდის მკვლელობით და სამი ადამიანის დაჭრით დასრულდა.
რა გახდა ფიზიკური დაპირისპირებისა და მკვლელობის მოტივი, ჯერ უცნობია. მამაკაცი, რომელსაც ერთ-ერთმა თავდამსხმელმა დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, 25 წლის მიშო ქავთარაძეა. კადრებში ჩანს, რომ მის საშველად ადგილზე იმყოფება მამაც, რომელსაც დანით ასევე მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ფაქტს ადგილობრივებიც ადასტურებენ.
მოკლულის მამის გარდა, თავდამსხმელმა ცივი იარაღით დაჭრა კიდევ ორი ახალგაზრდა - რატი ბაშალეიშვილი და ნოდარ რეხვიაშვილი. ორივე მიშო ქავთარაძის ახლო მეგობრები არიან და, სავარაუდოდ, კონფლიქტში მის დახმარებას ცდილობდნენ. ახლობლები ამბობენ, რომ სამივე დაჭრილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისა და სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა 20 წლის მამაკაცი დააკავეს. ის წარსულში ერთხელ უკვე არის ნასამართლევი და მკვლელობის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. ადგილობრივებისთვის დამნაშავის ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია.
20 წლის მამაკაცს მძიმე დანაშაულისთვის ბრალდება უკვე წარედგინა. მას 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.