"სიკვდილზე გამარჯვებულმა" კაპიტნმა, რომელმაც 63 ოპერაცია გადაიტანა, საცოლეს ხელი სთხოვა - ემოციური ისტორია
ქართველმა ჯარისკაცმა, რომელმა 63 ოპერაცია გადაიტანა, საცოლეს ხელი სთხოვა. ემოციურ ისტორიაზე სოციალურ ქსელში თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ბექა მჭედლიშვილი წერს.
"მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, კაპიტანმა ივერი ბუაძემ, რომელსაც ამერიკელმა ექიმებმა სიკვდილზე გამარჯვებული შეარქვეს, საცოლეს რუსუდან სიმონიშვილს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო და მოულოდნელად ხელი სთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.
ივერი ბუაძემ სხეულის მძიმე დაზიანება ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მიიღო.
მან სწრაფად იმოქმედა, სხეულით გადაეფარა აფეთქების ძირეულ ტალღას და სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე დაზიანებების ფასად მოახერხა გარშემო მყოფთა სიცოცხლის შენარჩუნება.
ივერი ბუაძემ სამედიცინო რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი გერმანიაში, აშშ-სა და საქართველოში გაიარა. გადატანილი 63 მძიმე ოპერაციის შემდეგ, ის ქართველ სამხედროებთან ერთად კვლავ დგას ქვეყნის სამსახურში. ამჟამად ქართველი ოფიცერი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ტაქტიკური მომზადების ინსტრუქტორად მუშაობს", - წერს მჭედლიშვილი.