გაკვირვებული ვარ, როგორ ჭრით და კერავთ კანონს ნიკა მელიას პოლიტიკურად გასანეიტრალებლად - გიორგი კონდახიშვილი
ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"უკვე რამდენიმე დღეა ჩემი კოლეგა პროკურორი, პოლიტიკოსებთან ერთად სინქრონში, უტრირებს, თითქოს მე ნიკა მელიას დაპატიმრებას ვითხოვ:). უბრალოდ უხერხულია:), ყოველთვის ვერიდები პროკურორების მიმართ ხისტ ფორმულირებებს, რადგან ბევრი წლის განმავლობაში ამ სისტემის ნაწილი ვიყავი და ჩემთვის სულ ერთი არასოდეს იქნება ამ უწყების ავტორიტეტი.
ჩემს ახალგაზრდა კოლეგას, რომელიც თავის პრაქტიკას უსვამდა ხაზს, გამომძიებლად, პროკურორად და უფლებადამცველად მუშაობის ჩემი 20 წლიანი უწყვეტი გამოცდილების გადასახედიდან მინდა დაბეჯითებით ვუთხრა, რომ საქმე, რომელზეც ახლა მას შავზე თეთრის მტკიცება უწევს, სრულიად ანომალიური, უპრეცედენტო და შერჩევითი მიდგომის კლასიკური მაგალითია.
პატივცემულო კოლეგავ, მე ნიკა მელიას რატომ არ აკავებთ, იმით კი არ ვარ გაკვირვებული, მე გაკვირვებული ვარ იმით, როგორ ჭრით და კერავთ კანონს ნიკა მელიას პოლიტიკურად გასანეიტრალებლად.
როგორ აყენებთ თავდაყირა აქამდე არსებულ სამართლებრივ პრაქტიკას ერთი ადამიანის პოლიტიკური დევნისათვის.
გაკვირვებული ვარ, როგორ შეუზღუდეთ საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს.
გაკვირვებული ვარ, გირაოს პარალელურად, როგორ დაუწესეთ ელექტრონული მონიტორინგი ადამიანს, რომლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლებიც კი არ არსებობდა.
გაკვირვებული ვარ, მოსამართლის განჩინების მიღმა როგორ აწესებთ გირაოს გადახდის დამატებით ვადებს საჯარო განცხადებებით, ხან თქვენ, ხან კი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა.
გაკვირვებული ვარ იმით, ვალდებულების დარღვევას რასაც ნიკა მელიას ეხლა ედავებით, სინამდვილეში კი მხოლოდ ფორმალობა იყო, მთელი წელი მშვიდად როგორ უყურებდით, არ იმჩნევდით და მხოლოდ მაშინ გაგახსენდათ სამაჯური, როცა ის პარტიის თავმჯდომარე გახდა და საპროტესტი მოძრაობის ავანგარდში ჩადგა.
ნამდვილად ვერ ვმალავ გაკვირვებას, როცა მელიას გირაოს პირობების დარღვევას ედავებით და თუ ეს მართლა ასეა, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების ნაცვლად ისევ გირაოს უფარდებთ, დარღვევად მიჩნეული ქმედებისთვის გადახდილ თანხას კი ბიუჯეტშიც კი არ რიცხავთ, არადა ეს კანონის იმპერატიული მოთხოვნაა.
გაკვირვებული ვარ, როცა კანონს ახლებურად განმარტავთ და სისხლის სამართალწარმოებაში პირველად, თითქოსდა გიროს პირობების დარღვევისთვის დამატებით ისევ გირაოს იყენებთ. თქვენს ჰუმანურობას კი ნიკა მელიას სანიმუშო ქცევით ხსნით:). ანუ ამტკიცებთ, რომ 30.000 ლარმა ვერ უზრუნველყო გირაოს პირობების შესრულება, მაგრამ მიგაჩნიათ, რომ 40.000 ლარი უზრუნველყოფს და ეს ლოგიკურად დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების დამძიმებაა. ცხადია, თქვენც იცით, რომ ეს ასე არაა. თუმცა კანონი ხომ ამ საქმეზე მხოლოდ ფორმალობაა, რომელის ინტერპრეტაცია პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება.
დიახ პატოვცემულო კოლეგა, ნიკა მელიას საქმეზე კიდევ ბევრი რამ მაკვირვებს მეც და ყველა ობიექტურად განწყობილ იურისტს. ჯერ კიდევ დიდი დრო გჭირდებათ გამოცდილების დასაგროვებლად და ალბათ მოვა დრო, როდესაც მსგავსი სამართლებრივი აბსურდი თქვენც გაგაკვირვებთ", - წერს ნიკა მელიას ადვოკატი სოციალურ ქსელში.