"ახლა საზოგადოების ნახევარი "ნარკომანს" მიწოდებს, ნახევარი - "გმირს"... ვნანობ, რომ აქციაზე ნასვამი ვიყავი, თუმცა ფხიზელიც იმავეს გავაკეთებდი" - ბეა გაზდელიანი
საქართველოში გამართული საპროტესტო აქციები, რაც მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას მოჰყვა, სავსეა ემოციური ეპიზოდებით. ახლახან თითქმის ყველა სოციალური ქსელი მოიცვა ვიდეომ, რომელშიც ასახულია გოგონა - ბეატრის გაზდელიანი, ვინც სპეცრაზმელებს წინ დაუდგა, - მოდით, არ მეშინიაო!.. მისი მეგობრის დაკავების შემდეგ, თავად ბეაც დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. მოგვიანებით, ბეამ აღიარა, რომ იმ დროს ცოტათი ნასვამი იყო, აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა მისთვის ეს პროტესტის მნიშვნელობას არ აკნინებს...
- ბეა, მოგვიყევი, როგორი განწყობით მიხვედი აქციაზე და როგორ განვითარდა მოვლენები, რამაც შემდეგ შენი დაკავება გამოიწვია?
- რა თქმა უნდა, აქციაზე სხვა დღეებშიც დავდიოდი - ხალხის გვერდით, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ვიბრძოდი. ჩემი მეგობარი - გიორგი ჩემზე 2 წლით უმცროსია. უმცროს ძმად მიმაჩნია. დედამისსაც შევპირდი, რომ მივხედავდი და ცუდი არაფერი მოხდებოდა. როცა მე და გიორგი აქციაზე მივედით, მაქსიმუმ, 5 წუთში დააკავეს - გაათრიეს... ამის შემხედვარე პანიკაში ჩავვარდი. უნდა ვაღიარო, ნასვამი ვიყავი. ისედაც, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ - არ ვიცი, ემოციებს როგორ გავუმკლავდე. ჩემ თვალწინ ასეთი რაღაც რომ მოხდა, მართლა არ ვიცოდი, რა მექნა, მაგრამ ის უეჭველად ვიცოდი, რომ სახლში არ უნდა წავსულიყავი, რადგან ამ საქმეს ასე ვერ დავტოვებდი - არ ვიცოდი, ჩემი მეგობარი სად წაიყვანეს. თან, სრული უსამართლობა იყო, რადგან მას მართლა არაფერი დაუშავებია. უბრალოდ, იდგა, როცა დაიჭირეს. ასეთი უსამართლობა უნდა დასრულდეს... მოკლედ, აქციაზე დავრჩი. თან, აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი. საერთოდ არ მაინტერესებდა, რომ ცოტათი ნასვამი გახლდით - ფხიზელიც იმავეს გავაკეთებდი: როცა "რობოკოპები" ჩემკენ "დუბინკებით" მოდიოდნენ, არ მეშინოდა. ამას იქაც ვიძახდი, - არ მეშინია, მოდით-მეთქი. არც ფხიზელს შემეშინდებოდა. უბრალოდ, ბოლომდე იქ ვიდექი, რადგან არ ვიცოდი, გიორგი სად იყო და რა სჭირდა. მეგობრის თავისუფლებისთვის ვიბრძოდი. შემდეგ უკვე მეც დამიჭირეს, განყოფილებაში გადამიყვანეს. თავდაპირველად, მათაც ეგონათ, რომ ნარკოტიკული საშუალება მქონდა მიღებული. ნარკოტესტი ჩავაბარე. რა თქმა უნდა, ტესტმა არაფერი აჩვენა.უბრალოდ, ნასვამი ვიყავი. იმის გამო, რომ ნარკოტიკი არ მქონდა მიღებული, განყოფილებიდან დილითვე გამომიშვეს. გიორგი ისევ დაკავებულია (ინტერვიუ ჩაწერილია 8 დეკემბერს. - ავტ.). თან, "რობოკოპებმა" ტელეფონი წაართვეს... ახლა საზოგადოების ნახევარი "ნარკომანს" მიწოდებს, ნახევარი - "გმირს". თავს გმირად არ მივიჩნევ. მგონია, რომ ჩემს ადგილას ყველა იმავეს გააკეთებდა მეგობრისთვის...
- დაკავებულს სამართალდამცველები როგორ გეპყრობოდნენ?
- უნდოდათ, ბორკილები დაედოთ, მაგრამ ვუთხარი, - არ მინდა, მორჩილად ჩავჯდები მანქანაში და წამოვალ-მეთქი. შემდეგ ადვოკატი მოვითხოვე. მიპასუხეს, - ადვოკატი არ გვყავსო. მერე ყველაფერი წამართვეს, რაც კი მქონდა: მომახსნევინეს საყურე, ჩემი ტელეფონი მაშინვე გათიშეს... ზოგი ძალიან აგრესიულად მექცეოდა. თან, რაღაც ამბებს "მტენიდნენ" - აგრესიული იყავი, შეურაცხყოფა მოგვაყენე, ჩაგვარტყიო თუ რაღაც... ეს ყველაფერი მე არ ჩამიდენია და არ ვიცი, ამას რატომ მეუბნებოდნენ. თან, ვიდეოს მიღებდნენ... მეც იზოლატორში მივყავდით, მაგრამ როცა გაირკვა, რომ მხოლოდ ნასვამი ვიყავი, გამომიშვეს.
- შენი მეგობრის შესახებ რა ინფორმაცია გაქვს, როგორ არის? დედამისმა შვილის დაკავების შესახებ როგორ შეიტყო?
- ალბათ, დედამისმა ტელევიზორიდან გაიგო. მთელი ღამე ძალიან ნერვიულობდა, ყველგან რეკავდა, მაგრამ არც მე და არც გიორგის ტელეფონი არ გვქონია. ადვოკატებთან დარეკვა მოუხდა, რადგან გვეძებდნენ. როცა განყოფილებიდან გამომიშვეს, დავუკავშირდი. მომიყვა, რომ გიორგიც იპოვა და იზოლატორში იყო გადაყვანილი. ისიც მითხრა, რომ კარგად არის. უბრალოდ, ტელეფონი თან აღარ ჰქონდა. ვკითხე, მას თუ ელაპარაკა. - არა, არ მილაპარაკიაო... მაწყნარებდა კიდეც, რადგან ძალიან ვნერვიულობდი. გიორგი დღეს ღამით უნდა გამოვიდეს. იმედია, მართლა კარგად არის...
- როგორ ფიქრობ, საზოგადოებრივ აზრზე რა გავლენა მოახდინა შენ მიერ იმის აღიარებამ, რომ ნასვამი იყავი?
- სხვათა შორის, ძალიან ბევრი ადამიანი გვერდით დამიდგა. მიხარია, რომ ხალხის უმეტესობას ჩემი სჯერა. მეუბნებიან, - ყოჩაღ, მამაცი და ძლიერი ხარო. ზოგი წერს - ჩვენი გმირიო, მაგრამ პირადად მე, თავს გმირად მართლა არ მივიჩნევ, რადგან იმას ვაკეთებდი, რასაც ყველა კარგი მეგობარი მეგობრისთვის გააკეთებდა. გიორგი უმცროსი ძმასავით მიყვარს. ამ საქმეს ასე ვერ დავტოვებდი. მინდა, ასეთი უსამართლობა და ძალადობაც დამთავრდეს, რადგან უკვე ჟურნალისტებზეც ძალადობენ, მშვიდ მომიტინგეებზეც... ეს ყველაფერი ძალიან არასწორია. ჩემი ქვეყნისთვის ყოველთვის უკეთესი მომავალი მინდოდა და ამ მომავალს ევროპასთან ერთად ვხედავ, რა თქმა უნდა.
- შენი მთავარი მოტივი რა იყო, როცა აქციებზე სიარული დაიწყე?
- ქვეყანაში საშინელება ხდება. "ქართული ოცნება" რას აკეთებს, საერთოდ? ქვეყანა მართლა თავზე გვენგრევა. ვფიქრობ, ყველანი გარეთ უნდა გავიდეთ და გავაპროტესტოთ. თან, "ქართულ ოცნებას" რა სლოგანი ჰქონდა, ხომ გახსოვთ? - "არა რუსეთს, კი ევროპას!" რეალურად, რა ხდება? კობახიძე გამოდის და ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრების პროცესი 2028 წლამდე შეჩერებულია. იმავდროულად, პუტინი "ქართული ოცნების" ამ ნაბიჯს აქებს... ეს ყველაფერი ჩვეულებრივი აბსურდია, ხალხს ატყუებენ.
- ინტერნეტში, სპეცრაზმელების ძალადობის ამსახველ ვიდეოებს აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებების ამსახველ ვიდეოებს უპირისპირებენ ხოლმე. ამ საკითხზე რას ფიქრობ?
- მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ არც სპეცრაზმელების და არც მომიტინგეების მხრიდან ძალადობას არ ვემხრობი. უბრალოდ, ეს დაუშვებელია. ყველანაირ ძალადობას ვგმობ. ჩვენ, მე და ჩემი მეგობარი მშვიდად ვიდექით. გიო წამებში დააკავეს. ვიფიქრე, - რა ხდება-მეთქი?! ძალიან შემეშინდა. პანიკაში ჩავვარდი. ნებისმიერ შემთხვევაში, რაღაც უნდა გამეკეთებინა. სახლში ვერ წავიდოდი...
- სასმელი სად, რა სიტუაციაში მიიღეთ?
- ჩემს სახლში ვიყავით და იმიტომ დავლიეთ, რომ ქვეყანაში ძალიან ცუდი სიტუაციაა, დეპრესიაში ვართ... მართლა საშინელება ხდება, მაგრამ ისეთი რაღაცები მოხდა, რასაც არ ველოდი. თავდაპირველად, ვერც მივხვდი, რომ სპეცრაზმელების წინ მარტო ვიდექი. მერე, როცა უკან მივიხედე და დავინახე, რომ თურმე, მარტო ვიყავი, ვიფიქრე, - კარგი, მაინც ვიდგები-მეთქი. წყლის ჭავლიც მომხვდა - დავსველდი, მაგრამ მაინც არ მივდიოდი.
- შენს ახლობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ? მათგან ემოციური მხარდაჭერა მიიღე?
- ოჯახისგან, ახლობლებისგან, მეგობრებისგან მივიღე, რა თქმა უნდა, მაგრამ თან, ჩემი საქციელი არ გაამართლეს, ანუ ნასვამი არ უნდა ვყოფილიყავი - ამას ძალიან ვნანობ. მხარდაჭერა უცხო ხალხისგანაც მივიღე - ყველაზე მაგარი ესაა.
- საბოლოო ჯამში, შენს ქმედებაზე საზოგადოების რეაქციას როგორ შეაფასებ? ნეგატიური კომენტარების ავტორებს რას ეტყოდი?
- მგონია, რომ ცუდი კომენტარების ავტორები "ქოცები" ან "ბოტები" არიან, რადგან ჩვეულებრივი ადამიანები იმას არ დაწერდნენ, რასაც ისინი წერენ. ჩემ შესახებ ისიც კი დაწერეს (დედაჩემმა წაიკითხა) - ეტყობა, "ესკორტი" ან ბო..ა და თავი იმიტომ "გაიპიარა", რომ უფრო მეტი კლიენტი ჰყავდესო... ყველაზე მეტად ის მწყინს, რომ ვიღაც ქალები წერენ, - უპატრონოა, მისი მშობლები სად არიან? "კაიფშიაო"... "კაიფში" - რატომ? ადამიანი აქციაზე ისე ვერ დადგება და ვერ იბრძოლებს?! იქ მდგომს ინტერვიუ "სიენენმაც" ჩამომართვა. ვიცი, ბევრ უცხოურ მედიასაშუალებაშიც ვიყავი. ხვალ საფრანგეთის არხთან ინტერვიუ მაქვს... ინგლისურად საუბარი ბევრად მარტივად შემიძლია. ჩემ შესახებ ბევრი იმასაც წერდა, - სიტყვას სიტყვაზე ვერ აბამსო. მინდა ვთქვა, რომ ქართული ენა რამდენიმე წლის წინ ვისწავლე. საზღვარგარეთ გავიზარდე. უბრალოდ, ქართულად კარგად ვერ ვმეტყველებ. შეიძლება, ესეც იყო მიზეზი, რომ ეგონათ, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და კარგად ამიტომ ვერ ვლაპარაკობდი, მაგრამ არა მგონია, რომ ჩემი ინგლისურენოვანი ინტერვიუების მოსმენისას თქვან, - ვერ ლაპარაკობსო.
- როგორც ვიცი, შენი ცხოვრება მამის - თენგიზ გაზდელიანის (რომელიც წლების წინ საქართველოს რესპუბლიკის სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი იყო) გარდაცვალების შემდეგ შეიცვალა - საზღვარგარეთ გაიზარდე. ჩვენს წინა ინტერვიუში აღნიშნე, რომ მამინაცვალი ამერიკაში ცხოვრებას და შენი მიზნების იქ განხორციელებას გთავაზობდა. საქართველოდან წასვლაზე უარი რა მიზეზის გამო თქვი?
- საქართველო ჩემი ქვეყანაა. აქაურობა ძალიან მიყვარს. ვაპირებ, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი აქ გავაკეთო, აქ გამოვავლინო. საქართველოს დატოვება არ მინდა და არც დავტოვებ, მით უმეტეს - ახლა, როცა ასეთი რაღაცები ხდება. უნდა გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ!..
- მოტივაციას რა გაძლევს?
- ის, რომ ქართველი ვარ, რა თქმა უნდა. ჩვენი ქვეყანა ბევრად უკეთესი და თავისუფალი უნდა გავხადოთ.
- გასულ ზაფხულს შენს მუსიკალურ კარიერაში პირველი ნაბიჯი გადადგი - პირველი სიმღერა გამოაქვეყნე. როგორ ფიქრობ, ახლახან შენს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენა შენს კარიერაზე რა ზეგავლენას მოახდენს?
- მოგეხსენებათ, აქციები ზაფხულშიც იმართებოდა. ჩემმა პროდიუსერმა მითხრა, რომ სოციალურ პრობლემებზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მემღერა, შევხებოდი მთავრობასაც, ოპოზიციონერი მომღერალი გავმხდარიყავი. მაშინ ამაზე უარი ვუთხარი, რადგან ამის გაკეთება არ მინდოდა, მთავრობისაც შემეშინდა, მაგრამ ახლა ბევრად უშიშარი გავხდი. მგონია, ახლა სწორი დროა: ჩემი მუსიკა ხალხს დაეხმარება და გააერთიანებს.
- როგორ გესახება საქართველოს მომავალი, თუკი საპროტესტო აქციები გაგრძელდება?
- ამაზე პოზიტიურად ვფიქრობ: მჯერა, ამ ბრძოლას მოვიგებთ, მთავრობა გადადგება და საბოლოოდ, ევროპაში შევალთ!..