არ მოხდა იმ მეთოდებით დარბევა, რასაც გააკეთებდა ამ შემთხვევაში გავეშებული და შლეგი სააკაშვილის რეჟიმი - ვახტანგ მაისაია
ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება:
"ნაციონალურ მოძრაობას" ბუმერანგივით შემოუბრუნდა ის, რასაც თესავდა 2005-2012 წლებში, საკუთარი ავტორიტარული რეჟიმის მმართველობისას და საკუთარ თავზე იწვნიეს თუ რას ნიშნავს დარბევები, დაპატიმრებები და რეპრესიები.
მადლობა ღმერთს, რომ არ მოხდა იმ მეთოდებით დარბევა, რასაც გააკეთებდა ამ შემთხვევაში გავეშებული და შლეგი სააკაშვილის რეჟიმი.
აქ არის ორი დილემური საკითხი - კანონის აღსრულება და პოლიტიკური პლურალიზმი. გასაგებია რომ კანონი უნდა აღსრულდეს და სახელმწიფოს წინ ვერავინ ვერ გადაუდგება და ეს გასაგებია, მაგრამ თუ დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსის მატარებლები ვართ და გვინდა დემოკრატიული საზოგადოების წევრი გავხდეთ, ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებასაც აქვს თავისი წესები და უნდა ეყრდნობოდეს მყარ სამართლებრივ საფუძვლებს და პოლიტიკური პარტიის შტურმი არ არის მაინც და მაინც კარგი საქმე და ამის გამო ალბათ მივიღებთ ჩვენი სტრატეგიული მეგობრების საკმაოდ ხისტ და მკაცრ პოზიციების დაფიქსირებას.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, სამართალდამცავებმა 23 თებერვალს, დილით დააკავეს.
პოლიტიკოსის დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა.