თეგებით ძიება

1%-ზე მეტი გადაცდომის შემთხვევაში, ხელახალი არჩევნები ჩატარდება - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუ აღმოჩნდება, არჩევნებზე იყო ერთპროცენტიანზე მეტი გადაცდომა, „ქართული ოცნება“ მზადაა ხელახალი არჩევნების ჩასატარებლად.

თუმცა, სარჯველაძის თქმით, რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის განცხადება, რომ არჩევნები გაყალბდა, არ შეიძლება იყოს საკმარისი პირობა ახალი არჩევნების ჩასატარებლად, არამედ საჭიროა შესაბამისი დასაბუთება.

„როგორც არ უნდა ვისაუბროთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე, საკითხი საკმაოდ მარტივია. ორი მხარე ვერ თანხმდება იმის თაობაზე, არჩევნები კარგად ჩატარდა, თუ ცუდად. კარგსა და ცუდში მოიაზრება ის, განხორციელდა თუ არა გავლენა საბოლოო შედეგზე. ერთი მხარე ამბობს, რომ გავლენა იქონია, მეორეს საპირისპიროს საუბრობს. ასეთ დროს როგორ შეიძლება, პრობლემა გადაიჭრას? ძალიან მარტივად, ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს. თუ აღმოჩნდება, რომ არჩევნები ჩატარდა ცუდად და იყო ერთპროცენტიანზე მეტი გადაცდომა, ჩვენი მხარისგან ითქვა, რომ ასეთ შემთხვევაში ხელახალი არჩევნები ჩატარდება.

თუ ეს ვერ დასაბუთდება და ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მხოლოდ სუბიექტური აღქმების დონეზე იქნება, ასეთ პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება გამართლებული არ არის. არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა არ შეიძლება იზიარებდეს ასეთ მოთხოვნას და რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავდეს. თუ რამდენიმე ოპოზიციური ლიდერი იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს საკმარისი პირობა შეიძლება იყოს ახალი არჩევნების ჩატარებისთვის? ამას სჭირდება ახსნა და დასაბუთება, ვინმეს სიტყვაზე ხომ არ ვენდობით?“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა