ვინ ჩაანაცვლებს კალაძეს? - შემცვლელი ცნობილია
"ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატად ზურაბ პოლოლიკაშვილს განიხილავს, რომელიც 2018 წლიდან გაეროში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანია. ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.
თავად პოლოლიკაშვილი კითხვებს არ პასუხობს.
ტელეკომპანიას წყარო უყვება, რომ პოლოლიკაშვილმა შეთავაზება მმართველი გუნდისგან უკვე მიიღო, თუმცა მმართველ გუნდს მისი თანხმობა ჯერ არ აქვს.
გადაწყვეტილება უმრავლესობის წევრებს პარტიის თავმჯდომარემ გუშინ სხდომაზე გააცნო. სხდომას კახი კალაძე არ ესწრებოდა.
წყაროს ინფორმაციით, ქართული ოცნების პარტიის წევრებს თავმჯდომარემ უთხრა, რომ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი არ იქნება და ის სავარაუდოდ გუნდს მალე დატოვებს, მაგრამ ჩვენი ცნობით, მმართველ გუნდში ამ გადაწყვეტილებას ყველა არ ეთანხმება.
"ქართულ ოცნებაში" ადასტურებენ, რომ კონსულტაციები მერობის კანდიდატზე დაიწყო. კითხვაზე არის თუ არა ერთ-ერთი ზურაბ პოლოლიკაშვილი, ამბობენ, რომ საზოგადოება მოვლენების განვითარებას უნდა დაელოდოს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ფორმულა ზურაბ პოლოლიკაშვილს დაუკავშირდა, თუმცა პოლოლიკაშვილმა დროის არქონის მიზეზით კითხვას არ უპასუხა.