თეგებით ძიება

საქართველოში ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს - გაეროს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისი

საქართველოში ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ ძალის გამოყენება უნდა გამოიძიოს, - ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს. ანგარიში ადამიანის უფლებებში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერაა მომზადებული.

„მივიღეთ ცნობები საქართველოში სამართალდამცავებისა და უნიფორმების ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნების არმქონე პირების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების, ადამიანის უფლებების დამცველებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განზრახ ფიზიკური ძალადობის, მუქარების, დაშინებისა და შურისძიების შესახებ“, - ნათქვამია ანგარიშში.

დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ბრალდებების მასშტაბი და დემონსტრანტებისთვისა და მოგვიანებით დაკავებული პირებისთვის მოყენებული დაზიანებების სიმძიმე შესაძლებელია კვალიფიცირდეს როგორც წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და დასჯა.

„ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იმაზე მეტყველებს, რომ ეს შესაძლოა არ ყოფილიყო ცალკე ინციდენტები და მართულ პასუხისმგებლობაზე მიანიშნებდეს...

შემაშფოთებელი ინფორმაცია მივიღეთ, რომ ბევრ დაკავებულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დიდი ხნით და განმეორებით სცემეს, გაუპატიურებით ან სხეულის ნაწილების მოტეხით დაემუქრნენ და სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს“ - ნათქვამია ანგარიშში.

დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბოლო თვეებში მომხდარი მოვლენების გამოძიება დაიწყო, თუმცა "დღემდე გამოძიებას არანაირი შედეგი არ დაუდია, ხოლო ბევრი დემონსტრანტი პატიმრობაში რჩება".

"ამ მოვლენების სიმძიმის გათვალისწინებით, საქართველოს ოფიციალური პირებისგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიების დაწყებას მოველით, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად. ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს და სამედიცინო დახმარება უნდა მიეწოდოთ მათ, ვინც ამას საჭიროებს“, - ნათქვამია ანგარიშში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა