თეგებით ძიება

ირაკლი ღარიბაშვილმა “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით მინისტრებს ადგილზე ჩასვლა და მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია სთხოვა

"ნამახვანჰესთან" დაკავშირებით კითხვები არსებობს, რომლებსაც დასაბუთებული პასუხი უნდა გაეცეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აუცილებელია, მოსახლეობაში არსებულ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი.

„მინდა, გამოვეხმაურო "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით წუხილს, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა. ბუნებივია, კითხვები არსებობს და მათ შესაბამისი დასაბუთებული, კვალიფიციური პასუხი უნდა გაეცეს. აუცილებელია, მოსახლეობაში არსებულ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი. ამიტომ, მინდა ვთხოვო ქალბატონ თურნავას და ბატონ დავითაშვილს, რომ პირადად ჩავიდნენ ადგილზე, მაგალითად ხვალ და დაიწყონ აქტიური, უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, აუხსნან, რასთან დაკავშირებით აქვთ წუხილი. ასევე მინდა ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ პარლამენტშიც გამართონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები საკითხის ირგვლივ დაინტერესებული პორების მონაწილეობით და ყველა ცხარე კითხვას გაეცეს პასუხი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, ეს ქვეყნისთვის პრიორიტეტია.

„ამ გამოწვევას ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია, პროგნოზები, რომლებიც არსებობს ენერგეტიკის მიმართულებით, არის შემდეგი, რომ ყოველ წელს, მინიმუმ, საშუალოდ 100 მეგავატი სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხდება, მაგრამ აქ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი და სწორედ ამ ოქროს შუალედის მოსაძებნად არის აუცილებელი უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რომ პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა