ნიკა მელიას მხარდამჭერები ავტოკოლონით მსვლელობას მართავენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად ავტოკოლონით მსვლელობას მართავენ. ისინი თავდაპირველად „რესპუბლიკის მოედანზე" შეიკრიბნენ და ავტომობილებით მსვლელობას მართავენ რუსთავის პენიტენიური დაწესებულებისკენ, სადაც ნიკა მელიაა გადაყვანილი. მათ სამოქალქო მოძრაობის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მსვლელობის მონაწილეების განმარტებით, ამ ფორმით ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ და კიდევ ერთხელ ახსენებენ ხელისუფლებას, რომ ის „უკანონო პატიმარია".
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღევანდელი მსვლელობის მთავარი გზავნილი არის ის, რომ „პოლიტიკური პატიმრები" უნდა გათავისუფლდნენ ციხიდან.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ეს არის იმისათვის, რომ დიალოგი დაიწყოს და ჩვენ გადავიდეთ მოლაპარაკების რეჟიმში. შესაბამისად, ეს არის ის წინაპირობა, რომელიც მთლიანად ოპოზიციას აქვს დაყენებული, იმიტომ, რომ არ შეიძლება მოლაპარაკებები ვაწარმოოთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაზე, როდესაც პოლიტპატიმრები ციხეში იმყოფებიან, მათ შორის, არის მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე. ბუნებრივია, ნიკა მელია არის ის პიროვნება, რომელიც უშუალოდ უნდა წარმოადგენდეს ოპოზიციას თავად ოპოზიციის მაგიდასთან", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.