იენს სტოლტენბერგი - ბუქარესტის სამიტზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან
ნატოს კარი ღია რჩება. ბუქარესტის სამიტზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან. მაგრამ იმისთვის, რომ ისინი ალიანსის წევრები გახდნენ, მათ ნატოს სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპის კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩემი გზავნილი ორივე ქვეყნისთვის არის ის, რომ ისინი ორიენტირებულები უნდა იყვნენ რეფორმებზე, ინსტიტუტების რეფორმირებასა და მოდერნიზებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე. ჩვენ ამ რეფორმების გატარების მცდელობაში მათ ვეხმარებით“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, ის, გახდეს თუ არა რომელიმე ქვეყანა ნატოს წევრი არის მხოლოდ ამ ქვეყნის და ნატოს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი.
„ეს არის ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლება, გადაწყვიტოს, უნდა იყოს ნატოს წევრი თუ არა. თუკი ქვეყანას სურს, ნატოს წევრი გახდეს, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაშია, ეს ნატოს წევრების და ამ ქვეყნების გადასაწყვეტია და არავისი სხვისი. რუსეთი ვერ უარყოფს სუვერენული სახელმწიფოს უფლებას გახდეს ნატოს წევრი,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ipn.ge