ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს ერგნეთის შეხვედრა გაიმართება
ინცინდენტების პრევენვიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 98-ე შეხვედრა დღეს ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართება. ქართული მხარე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის, ლაშა ხეთერელისა და რამაზ ბეღელურის უკანონო პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
შეხვედრაზე ასევე ბოლო პერიოდში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებს და ყველა იმ მნიშვნელოვან ინციდენტს განიხილავენ, რომლებიც საოკუპაციო ხაზს გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს აზიანებს.
ამ ფორმატში შეხვედრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით და ეუთოს მხარდაჭერით იმართება.