საქართველოში მცხოვრები ოჯახების 67%-მა საკვებზე ხარჯების დაზოგვა დაიწყო - საქსტატი
კოვიდპანდემიის შედეგად შემცირებული შემოსავლების პირობებში, საქართველოში მცხოვრები ოჯახების 67%-ზე მეტმა კვებაზე ხარჯების დაზოგვა დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევაშია აღნიშნული, რომლის მიზანიც ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე „კოვიდ-19“-ის გავლენის რეალურ დროში შესწავლაა.
კვლევა გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კვლევის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა, 2,118 შინამეურნეობის წარმომადგენელი გამოიკითხა.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აღნიშნული კვლევის პირველი ტალღის შედეგები დღეს წარადგინა.
კვლევის შედეგების თანახმად, შემოსავლების შემცირებასთან გამკლავების მიზნით, კვებაზე ხარჯების შემცირების გარდა (67.2%), შინამეურნეობები ასევე მიმართავდნენ სხვა საოჯახო ხარჯების შემცირებას (82.9%), დანაზოგების გამოყენებას (49.9%), ფულის სესხებას მეგობრებისა და ნაცნობებისგან (45.5%).
გარდა ამისა, 2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე პერიოდში ოჯახების 53 პროცენტს შეუმცირდა საშუალო თვიური შემოსავალი. ამასთან, ამ შინამეურნეობების მესამედზე მეტს (39.5%) შემოსავალი შეუმცირდა 50%-ზე მეტით.
ოჯახების 31.8 პროცენტში ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით – 2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე პერიოდში.
1tv.ge