რომელი პედაგოგების ხელფასი მოიმატებს 500, 600 ან 700 ლარით?
2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი 700 მილიონი ლარით გაიზრდება და სხვა უწყებებთან ერთად, მასში აისახება განათლების სამინისტროს დაფინანსების ზრდაც. 3 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილა და როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ბიუჯეტის პროექტი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.
ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ შეეხო განათლების ბიუჯეტის ზრდის საკითხს და განაცხადა, რომ 11 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 300%-იანი ზრდა გვაქვს.
“რაც შეეხება დამატებითი 700 მილიონი ლარის განაწილებას, როგორც უკვე დავაანონსეთ პედაგოგებთან შეხვედრისას, დამატებით 160 მილიონი ლარი გამოვუყავით განათლების სამინისტროს და ჯამში განათლების სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიარდ 500 მილიონ ლარს. შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ თქვენი (განათლების მინისტრს მიმართავს ავტ.) ბიუჯეტი გაზრდილი არის მილიარ რვაასი მილიონი ლარით 2012 წელთან შედარებით. 300%-იანი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში.
“როგორც ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს ვაცნობეთ, მნიშვნელოვნად გაიზრდება პედაგოგების ხელფასები 2024 წელს. რაც ნიშნავს იმას, რომ სრული დატვირთვით, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლის ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 500 ლარით და მეტით. ზოგს შეიძლება გაეზარდოს 600 ლარით, ზოგს 700 ლარით და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა არის და მე მინდა, ჩვენს მასწავლებლებს კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა და წარმატებები ვუსურვო. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება განათლების ხარისხის გაუმჯობესების უდიდესი კომპონენტი იქნება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
წყარო - "პრაიმტაიმი"