ბიძინა ივანიშვილის ქონება Forbes-მა კვლავ $4.8 მილიარდად შეაფასა
Forbes-ის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ქონების ღირებულება კვლავ $4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. გავლენიანმა გამოცემამ მარტში მილიარდერის ქონება $1.5 მილიარდით $3.3 მილიარდამდე შეამცირა, თუმცა რამდენიმე კვირაში ის კვლავ $4.8 მილიარდის დონეზე დააბრუნა. ამ თანხით ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უმდიდრესი და მსოფლიოს რიგით 589-ე უმდიდრესი ადამიანია.
Forbes-ის თანახმად, ივანიშვილის ქონება მაქსიმალური 2012 წელს იყო და $6.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
რაც შეეხება Bloomberg-ის შეფასებას, მილიარდერების ინდექსის თანახმად, ამჟამად ივანიშვილის ქონება $5.82 მილიარდი დოლარია. შესაბამისად, ამ ორ შეფასებას შორის სხვაობა ამჟამად $1.02 მილიარდი დოლარია.
2020 წლის იანვარში ივანიშვილიმა განაცხადა, რომ ის საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის "მხოლოდ $200 მილიონ დოლარს იტოვებდა" დანარჩენ ქონებას კი მის საკუთრებაში არსებულ საქველმოქმედო ფონდს გადასცემდა.
ჟურნალ Entrepreneur-თან მან ისიც განაცხადა, რომ Bloomberg-ის და Forbes-ის შეფასებები რეალობისგან განსხვავდებოდა:
"ეს, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მოძველებული, 10-15 წლის წინანდელი მონაცემებია [$5.5 მილიარდიანი ქონება]. „ფორბსთან“, მაგალითად, ათ წელზე მეტია, არ მითანამშრომლია. თავიდან, ჩემი თანხმობით, ისინი სწავლობდნენ კაპიტალის წარმოშობას და მეც არ მქონია პრეტენზია მათ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, მაგრამ ბოლო წლებში არც კი ვიცი, როგორ და რას ითვლიან, რადგან ინფორმაციას აღარ ვაწვდი. რაც შეეხება Bloomberg-ს, მათთან საერთოდ არ მითანამშრომლია, თუმცა მონაცემებს ეს მედიაც აქვეყნებს," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში განხორციელებულ პროექტებთან და უძრავ ქონებასთან ერთად საკუთარ ქონებას ოფშორულ ზონებში ხელოვნების ნიმუშებში, აქციებში, ობლიგაციებსა და შვეიცარიული ბანკების დეპოზიტებში ინახავს. ამასთან, უკვე მეხუთე წელია გრძელდება სასამართლო პროცესები შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან, სადაც ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის პატრიკ ლესკადრონის თაღლითური საქმიანობით, მილიარდერს $100 მილიონზე დიდი ზარალი მიადგა. დავა შვეიცარიაში, ასევე სინგაპურსა და ბერმუდის კუნძულებზე მიმდინარეობს.