"ლილო მოლი“ მთავრობის მიერ დაწესებულ "უქმე დღეებში" იმუშავებს
4-11 მაისი, საქართველოს მასშტაბით, უქმე დღეებად გამოცხადდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, „უქმე დღეების“ დაწესების მიზანი დედაქალაქის განტვირთვა და მობილობის შემცირებაა, თუმცა როგორც ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვის შეეხება „უქმე დღეების“ დაწესება, სავარაუდოდ, ხვალ უწყებათშორის საბჭოს სხდომაზე გაჟღერდება.
გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ უცნობია, რომელ სექტორებზე (არ)გავრცელდება 4-11 მაისის პერიოდში "უქმე დღეების" მოთხოვნა, BM.GE-მ გადაწყვიტა, კერძო სექტორში არსებული ინფორმაცია მოეძიებინა.
„ლილო მოლის“ დირექტორი გიორგი კვარაცხელია ირწმუნება, რომ აღდგომის შემდეგ მთავრობის მიერ დაწესებული უქმეები ბაზრობას არ შეეხება.
"მსგავსი ინფორმაცია, ვინ უნდა დაისვენოს და ვინ - არა, არ არსებობს. ჩვენ - სავაჭრო ცენტრებს ეს თემა არ გვეხება. ჩვეულებრივად ვიმუშავებთ და ჩემი თანამშრომლებიდან ვინ დაისვენებს, ეს მათი გადასაწყვეტია. ვისაც დასჭირდება, რეგიონში - წავა, ვისაც არა - არ წავა, ეს თითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტია და "ლილო მოლთან" კავშირში არ არის. დასვენების დღე ნიშნავს დასვენების დღეს, თუმცა ამ დღეებშიც ჩვენ ვმუშაობთ. მაგალითად, კვირას "ლილო მოლი" მუშაობს. 9 აპრილს დასვენების დღე იყო, მაგრამ ჩვენ ვმუშაობდით. უქმე დღეებთან კავშირში არ ვართ, ხოლო თუ რომელიმე თანამშრომელს ან ბაზრობაზე დასაქმებულს სურს დასვენება, ის დაისვენებს", - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.