ოპოზიცია რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებს
ოპოზიცია რეგიონებში გასვლით შეხვედრებს კახეთიდან იწყებს. შეხვედრა დღეს თელავში გაიმართება. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მიზანი მაისში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მოსახლეობის მობილიზებაა.
„15 მაისი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში უმნიშვნელოვანესი თარიღია, იმიტომ რომ ეს იქნება უამრავი, ათობით ათასი ადამიანისთვის შესაძლებლობა გამოხატოს თავისი პროტესტი, გამოხატოს თავისი ბრაზი. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ვაკვირდებით სხვადასხვა თემაზე პროტესტს, იმედგაცრუებულ, გაბრაზებულ ადამიანებს, რომლებსაც შედეგი არ აქვთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ მთავარი რჩევა პოლიტიკოსებს სწორედ მოსახლეობამ უნდა მისცეს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ჩვენი პარტნიორის განცხადება გააზრებულად გვესმის ყველაფერი, მაგრამ უფრო მეტად გვესმის თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში“, - განაცხადა ბოტკოველმა.
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ანზორ ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია რეგიონებში სხვადასხვა პარტიის მხარდამჭერების კოორდინირებას შეეცდება.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა შევხვდებით ჩვენს მხარდამჭერებს, რომ სხვადასხვა პარტიის მხარდამჭერები მეტად კოორდინირებულნი იყვნენ და 15 მაისის ორგანიზება მოხდეს ძალიან კარგად და იყოს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი წარმოდგენილი“, - ანზორ ბურჯანაძე.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი გიორგი ხაბურძანია აცხადებს, რომ ოპოზიციის მიზანია 15 მაისს აქციაზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავიდეს.
„ჩვენი გზავნილი არის, რომ 15 მაისს რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს, იმიტომ რომ მხოლოდ ხალხის ძალით შეგვიძლია მივაღწიოთ შედეგს“, - აღნიშნა ხაბურძანიამ.