მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი ვიზიტი შეერთებულ შტატებში და საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები აღმასრულებელ ხელისუფლებასა და კონგრესში - საქართველოში პოლიტიკური ვითარება არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ვაშინგტონში მყოფი "ქართული ოცნების" წევრები ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან განიხილავენ, როგორც აღმასრულებელ სტრუქტურებში, ისე კონგრესის ორივე პალატაში. უმრავლესობის წევრები შეხვდნენ ევროპის და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს ჯორჯ კენტს, სენატორ ჯიმ რიშს და კონგრესმენებს ადამ კინზინგერს და ჯერი კონოლის, რომლებიც კონგრესის ქვედა პალატაში, საქართველოს მეგობართა ჯგუფს წარმოადგენენ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ "კურიერთან" ინტერვიუში თქვა, რომ ამერიკულ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიწოდეს და მათთვის მნიშვნელოვანია ის რეკომენდაციები, რომლებსაც ვაშინგტონში ისმენენ.
"ჩვენ გვესმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნება" არის მმართველი პარტია და მას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, იმისთვის, რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისისკენ და ბუნებრივია, მზად ვართ გამოვავლინოთ კონსტრუქციული მიდგომა, რა თქმა უნდა, პრინციპების დაცვით და ეს პრინციპები არის განმსაზღვრელი ნებისმიერი შეთანხმების ხელმოწერის დროს, მაგრამ ამ პრინციპების ფარგლებში, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულები.
გვქონდა ყველა საკითხთან დაკავშირებით საუბრები, არჩევნების, სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით და ვსაუბრობთ, ყველას შეუძლია ნებისმიერი ასპექტის გადამოწმება, რაც არჩევნებს და სისხლის სამართლის საქმეებს უკავშირდება. ყველა დეტალზე ინფორმაციას ვაწვდით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათგან რჩევების მოსმენა,"-აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ამერიკული მხარე ამ კონსულტაციებს სამუშაო შეხვედრებად მიიჩნევს და დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს. კონგრესმენ ჯერი კონოლის აპარატშიც გვითხრეს, რომ მედიისთვის არანაირი განცხადება არ იგეგმება. ჯორჯ კენტთან შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია არც სახელმწიფო დეპარტამენტს გაუვრცელებია.
"ქართული ოცნების" წევრებმა, როგორც თავად ამბობენ, შეხვედრებზე კიდევ ერთხელ მოისმინეს ამერიკული მხარის პოზიცია, რომ შეთანხმება ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი.
კონგრესის წევრებმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა თავიანთი პოზიცია არაერთხელ დაადასტურეს. მკაფიო გზავნილები მათ სენატის საგარეო კომიტეტში, საქართველოს საკითხის მოსმენაზე ჰქონდათ. დასავლელი პარტნიორები კომპრომისისკენ ორივე მხარეს მოუწოდებენ. თუმცა ვაშინგტონში და ბრიუსელში არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მმართველ პარტიაზე განსაკუთრებული პასუხისგებლობაა, რადგან მას პარლამენტში უმრავლესობა და ძალაუფლება აქვს. ის ხალხი, რომელიც შეერთებული შტატებიდან მოვლენებს აკვირდება, მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებებზე მხარეები სრულად უნდა იყვნენ წარმოდგენილები და კომპრომისი რთული მისაღწევი იქნება, თუ ერთ-ერთი მხარის ლიდერი ციხეში დარჩება.
"შეერთებული შტატების მთავრობასა და კონგრესში აღიარებენ, რომ შესაძლოა არ მოსწონდეთ ის, რაც მელიამ 2019-ში გააკეთა, თუმცა აღიარებენ იმასაც, რომ ახლა მისი ციხეში ყოფნა პრობლემის მოგვარების გზა არ არის. იმედი მაქვს, იყო გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ მელია უნდა გათავისუფლდეს, რათა ყველა ოპოზიციური პარტია იჯდეს მაგიდასთან. ვითარებას ვერ დაეხმარა კვირის დასაწყისში, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მელიას დაკავება გაგრძელდა. რაღაც გზა უნდა არსებობდეს მის გასათავისუფლებლად და საქმე პოლიტიკურად მოგვარდეს, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. ყოველი დღე, როდესაც ეს კრიზისი გრძელდება, ცუდი დღეა საქართველოსთვის და იმედი მაქვს, ეს სიგნალი ნათლად იყო მიწოდებული,"- აცხადებს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი დევიდ კრამერი.
ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე, როგორც "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, საქართველოს უსაფრთხოების საკითხებიც იყო განხილული. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების მობილიზება ხდება და ამ საკითხს, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ნატოელ მოკავშირეებთან ერთად, ბრიუსელში განიხილავს.
დაბრუნდებიან თუ არა ამერიკულ მხარესთან კონსულტაციების შემდეგ, მმართველი პარტიის წევრები თბილისში კონკრეტული გადაწყვეტილებით, როგორც აღნიშნეს, ამას შეხვედრების დასრულების შემდეგ იტყვიან. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამ შეხვედრებიდან კონკრეტული დასკვნებს გამოიტანენ და შესაბამისად იმოქმედებენ.