თეგებით ძიება
14. 06. 2021 COVID - 19

„სინოვაკის“ ვაქცინით ექიმები, ტურიზმის სექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები იცრებიან

საქართველოს ორ დიდ ქალაქში - თბილისსა და ბათუმში ექიმების, ტურიზმისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. იმუნიზაციის მსურველები „სინოვაკის“ ვაქცინით ბათუმის საოჯახო მედიცინის ცენტრში, თბილისისა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იცრებიან. პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ესწრება.

ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა სინოფარმის მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა.

ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 14-28 დღის ინტერვალით კეთდება.

„სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევებმა აჩვენა, რომ მეორე დოზის მიღების შემდეგ, „სინოვაკის“ ვაქცინა (როგორც COVID-19-ის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინები) 85-100%-ით ეფექტურია COVID-19-ის მწვავე გართულებისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ. „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მიღების საშუალება ეტაპობრივად ტურიზმის სექტორის ყველა წარმომადგენელს ექნება. ვაქცინაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის სწრაფ აღდგენას. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ვაქცინაცია თბილისში, ბათუმსა და თელავში მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

14 ივნისის მონაცემებით, „სინოვაკით“ 25 857 ადამიანი აცრილი.

„სინოვაკით“ ვაქცინაციის მსურველთათვის სარეგისტრაციო პორტალი კვლავ განახლდა. ამ ვაქცინის მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში. პირველ ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სინოვაკის ვაქცინას მისცა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 18 წლის ასაკიდან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა