თეგებით ძიება

,,24 წლის უკვე ბერი ვიყავი… ბევრს მეც მდიდარი, ჯიპიანი მღვდელი ვგონივარ” - მამა იოვანეს კოვიდი დაუდასტურდა

,,კოვიდინფიცირებულსახიანი ფოტო ისტორიისთვის” _ დაწერა არქიმანდიტრმა იოვანე მჭედლიშვილმა ცოტა ხნის წინ და ფოტო გამოაქვეყნა. მას სულიერი შვილები ჯანმრთელობას და კოვიდის მალე დამარცხებას უსურვებენ.

მამა იოვანე 24 წლის იყო, ბერად რომ შედგა. ,,სარკესთან” ამბობს, რომ არასოდეს უნანია ეს გადაწყვეტილება და მისთვის მძიმე ჯვარი სულაც არ არის.

მამა იოვანე:განსაკუთრებული მიზეზი, რომ ღვთის გზას შევდგომოდი, არ მქონია. დავიბადე და გავიზარდე თბილისში. 17-18 წლის ასაკში დავიწყე ტაძარში სიარული. 24 წლის უკვე ბერი ვიყავი.

ბერობას რაც შეეხება, ქრისტე გვარიგებს სახარებაში და გვეუბნება, უღელი ჩემი ტკბილია და ტვირთი ჩემი მსუბუქიო. ანუ პირიქით არის. ზოგჯერ სუფრასთან რომ მოვხვდები, სადღეგრძელოებში იციან ხოლმე თქმა, შენს მძიმე ჯვარს გაუმარჯოსო და ა.შ. ჩემი აზრით, მძიმე კი არა, ტკბილი ჯვარია და უფალი ამსუბუქებს. ჩვენ ვერც ვგრძნობთ.

ადამიანი რომ ღმერთთან მიდის, ღმერთი იღებს ამ ტვირთს. მე რომ უკან გამეხედა და _ ეს ტვირთი ყოფილა-მეთქი, ამაზე ჯერ არასდროს მიფიქრია, პირიქით, მსიამოვნებს, ადამიანებს გვერდში რომ ვუდგავარ.

პანდემიამ რა შეცვალა საეკლესიო ცხოვრებაში და როგორ მოქმედებს ეს ამბები სასულიერო პირებზე?

_ დიდად ვერაფერი შეცვალა. ისევ ვატარებთ მსახურებას, ისევ ვეზიარებით, ისევ დადის მრევლი. პირბადე, დისტანცია _ ამ წესებს ვიცავთ.

მედიაპანიკა შეიქმნა წინა აღდგომას ზიარებასთან დაკავშირებით _ დაკეტეთ ტაძრები და აღდგომას არ წახვიდეთ ტაძარშიო. ერთი წლის მერე ისევ აღვნიშნეთ აღდგომა, მაგრამ აღარ იყო მსგავსი აჟიოტაჟი, რადგან ყველამ დაინახა ღვთის ძალა. ის ადამიანები კი, ვინც სხვებს მოუწოდებდნენ, ტაძარში არ მისულიყვნენ, მიტინგებზე ვიხილეთ.

__ მდიდარი ეკლესია ღარიბ ქვეყანაში თავისთავად იწვევს პროტესტს. ,,ჯიპიანი მამაოების” თემა განიხილება მუდმივად. ხომ შეიძლება, ეკლესიის მსახურები ისე იქცეოდნენ, რომ მათ თავად არ ჩააგდონ ადამიანები განკითხვის ცოდვაში?

_ ქუჩაში 100 ადამიანი რომ გააჩეროთ და ჩემზე ჰკითხოთ, ამ მღვდელზე რა წარმოდგენა გაქვსო, ალბათ 80% იტყვის, რომ მდიდარი ვარ, ჯიპი მყავს, სახლი და კარი მაქვს და ა.შ. ამ დროს არაფერიც არ მაქვს. ჩემი ოჯახი სადაც ცხოვრობდა, ისევ იქ ცხოვრობს. არც საბანკო ანგარიში მაქვს, არც არაფერი. 19 წლის მანქანა მყავს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, საზოგადოების დიდ ნაწილს ჯიპიანი და მდიდარი მღვდელი ვგონივარ და ჰგონიათ, შეუძლიათ დამირეკონ და მთხოვონ, პრეზიდენტთან სამსახური დამაწყებინეო. არადა ერთხელ მყავს ნანახი პრეზიდენტი. ეს იმიტომ ხდება, რომ მავანმა ასეთი იმიჯი შეგვიქმნა.

საქართველოს ეკლესიაში 1900 მღვდლიდან შეიძლება 100-საც ჰყავდეს კარგი მანქანა, მაგრამ ვისვრებით 1800 მღვდელი. უამრავი მღვდელია გაჭირვებული, შვილი ჰყავთ და 100-200 ლარი აქვთ თვეში შემოსავალი. როგორ ცოცხლობენ, არავინ კითხულობს. ჩვენი სამღვდელოების უმრავლესობა გაჭირვებულია, მაგრამ სხვა იმიჯი შეგვიქმნეს და რა ვქნათ, ესეც ჩვენი ჯვარია, რომელიც უნდა ვატაროთ,

__ ყველაზე დიდი სირთულე რა შეგხვდათ ამ გზაზე?

_ ყველაზე რთულია, როდესაც ადამიანს არიგებ სახარებიდან, ათჯერ ეტყვი ერთსა და იმავეს და არ გიჯერებს.

__ რას უქადაგებთ მრევლს, უნდა გაიკეთოს თუ არა ვაქცინა?

_ არავითარ შემთხვევაში არ ვართ კატეგორიულები, რომ არ გაიკეთონ ვაქცინა და სინოდის განჩინებაც ამაზე მეტყველებს. უბრალოდ ზოგ ვაქცინაში აბორტის მასალაა გამოყენებული.

__ აბორტის მასალით უამრავი წამალი მზადდება, სახეზე კრემს ვისვამთ, სადაც იგივე მასალაა გამოყენებული, მაგრამ ამას არ ვაპროტესტებთ.

_ დიახ, მაგრამ რაც აქამდე გაგვიკეთებია, სინანული უნდა გამოვხატოთ იმის გამო. უნდა გაგვიხარდეს, რომ ბავშვი მოკლეს და ჩვენ გადავრჩით? არ გვაქვს უფლება, სხვას სიცოცხლე მოვუსწრაფოთ ჩვენი სიცოცხლის ხარჯზე. აბორტით გარდაიცვლება თუ უკვე დაბადებული ადამიანი, დიდი ტრაგედიაა და ამას არაფერი ამართლებს.

არსებობს ვაქცინები, რომლებიც არ შეიცავს ასეთ მასალას. ვეუბნები მრევლს, თუ მაინცდამაინც ფიქრობენ, ვაქცინა უნდა გაიკეთონ, მაშინ ასეთი ვაქცინა სჯობს, თუმცა ამ დროსაც არ ვართ კატეგორიულები.

სახარებაში ნათქვამია, რომ სანამ მეორედმოსვლა იქნება, ანტიქრისტე უნდა გამეფდეს. უამრავ ხერხს და ხრიკს მიმართავს. იმ ადამიანების, თუნდაც სასულიერო პირების უფრო უნდა გვეშინოდეს, ვინც ამბობს, რომ მეორედმოსვლა არ იქნება 10 წელი, ვიდრე ვინც ამბობს, რომ შეიძლება მოხდეს ხვალ. პირდაპირ წერია სახარებაში, რომ უცებ მოვა ეს დღე. უნდა ვიყოთ ფრთხილად, რადგან ეს დღე შეიძლება მართლა ხვალ დადგეს.

ხშირად ამბობენ ხოლმე, ღმერთის მწამს და მღვდლის არაო. არადა მღვდელი მნიშვნელოვნი და აუცილებელია… სულ რომ ერთი კარგი მღვდელი იყოს დედამიწაზე და დანარჩენი _ ცოდვილები, იმ ერთ მღვდლამდე უნდა მიხვიდეთ, აღსარება თქვათ და ეზიაროთ. ვინც ჩემს სისხლს და ხორცს არ ეზიარება, ის ვერ გახდება ჩემი ღირსიო, ქრისტე ამბობს.

წყარო:sarkenews.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა