თეგებით ძიება

ხმა უნდა მივცე, ან თავი მოვიკლაო - "ოცნებამ" საკრებულოებში დეპუტატების გადაბირება დაიწყო

დმანისის საკრებულოებში დეპუტატების გადაბირების სერია დაიწყო - ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, ახალი საკრებულოს ოპოზიციონერ წარმომადგენელს, რამიზ რამაზანოვს, "ქართული ოცნების" ადგილობრივი ლიდერები და სუს-ის მაღალჩინოსნები დაკავებით ღიად ემუქრებიან.

ოპოზიციის მტკიცებით, რამიზ რამაზანოვს პირდაპირ უთხრეს, რომ თუ ის პარასკევს დანიშნულ საკრებულოს სხდომაზე "ქართული ოცნების" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს არ დაუჭერს მხარს, მის წინააღმდეგ არსებულ ე.წ. კომპრომატებს გამოაქვეყნებენ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თანაგუნდელების, ჰუსეინ ჰუსეინოვის, მტკიცებით, რამიზ რამაზანოვმა მას უთხრა, რომ "ან ხმა უნდა მისცეს "ოცნების" თავმჯდომარეობის კანდიდატს, ან თავი უნდა მოიკლას".

ოპოზიციის ინფორმაციით, მათ თანაგუნდელს დმანისის გუბერნატორი, მისი მოადგილე, სუს-ის ადგილობრივი მაღალჩინოსანი, პაატა ასლანიშვილი და ზურა ოკმელაშვილი ღიად დაემუქრნენ.

ირკვევა, რომ რამიზ რამაზანოვი წლების განმავლობაში ადგილობრივი სკოლის დირექტორი იყო და შანტაჟი სავარაუდოდ, მის საქმიანობას უკავშირდება. ის თანამდებობიდან 1 კვირის წინ გაათავისუფლეს.

"4 დღის წინ შევხვდი რამიზს, ვკითხე, რა გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რადგან ჩემთვის ცნობილი იყო ზეწოლის შესახებ. ის ერთი კვირის წინ გაათავისუფლეს თანამდებობიდან. მითხრა, ისეთ მდგომარეობაში ვარ, ან უნდა შევიდე საკრებულოში, ან თავი უნდა მოვიკლაო. ამის მერე კონტაქტზე არ გამოდის, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. დღეს გავიგე, რომ ვიღაცებთან არის, გარეთაც კი არ უშვებენ, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს"- აცხადებენ ოპოზიციის წარმომადგენელი.

ხელისუფლების ოპონენტების ინფორმაციით, დაშინებასთან ერთად, "ოცნება" ოპოზიციონერს საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილეობას და საბანკო ვალდებულებების დაფარვას ჰპირდება.

პარასკევს საკრებულოს თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ცნობილია, რომ 15 დეპუტატი "ოცნებას" ჰყავს, 15 ოპოზიციას. ამიტომ ოპოზიციის ინფორმაციით, ახლა ,,ქართული ოცნება" ცდილობს ოპოზიციის დეპუტატები გადაიბიროს.

წყარო - "ტვ პირველი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა