თეგებით ძიება

"ხარკოვის უბედურებები გამოიარეს და უკვე 20 დღეა არ ლაპარაკობს. ახალი სათამაშოთი მისულა დედასთან, ხელი მოუკიდია და ჩემთან წამოუყვანია… იცით რისთვის? "- რას წერს გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, რომელიც პოლონეთში უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ვარშავის ცენტრალურ სადგურში, მეორე სართულზე დიდი, მინებიანი სივრცეა, სახელდახელოდ დაფარული მუქი ფარდებით…
მეძუძური დედები და მათი შვილები ყავთ დროებით მოთავსებული იქ
ზუსტად მათ კართან მივიტანეთ ყველაზე მეტი და გემრიელი საკვები დღეს.

იქვე, იატაკზე გავშალეთ ბანერი (ქართველი ხალხისგან), დავამაგრეთ ქართული დროშები და დავაწყვეთ ამ დღისთვის ნაყიდი 200-მდე სათამაშო.
ჯერ შორიდან უტრიალეს პატარებმა ჩვენს კუთხეს, მერე ცოტა ახლოს მოვიდნენ და როცა ვუთხარი თქვენთვისაა და აიღეთ რამდენიც გინდათ თქო, უუუცბად აენთოთ თვალები.

საოცარი ხალხია, არაამქვეყნიური ბავშვები ყავთ! ერთ სათამაშოს აჩუქებ და სამჯერ გეუბნებიან მადლობას.
ერთადერთი პატარა გოგო წავიდა მადლობის გარეშე და მალე დაბრუნდა დედასთან და ძმასთან ერთად! ნატანჯ სახეზე მთელი ომი ეწერა 30 წლამდე გოგოს (დევნილების უმრავლესობა ასეა აქ ) და ხელში სულ პატარა შვილი ეჭირა.

პატარამ დედას რაღაც ანიშნა და ხელი ჩემსკენ გამოიშვირა. ცოტათი დავიძაბე და როგორც ჩანს სახეზეც დამეტყო ნერვიულობა.
დედამ კი მითხრა რომ ხარკოვის უბედურებები გამოიარეს და უკვე 20 დღეა მისი პატარა გოგო არ ლაპარაკობს. ახალი სათამაშოთი მისულა დედასთან, ხელი მოუკიდია და ჩემთან წამოუყვანია…
იცით როსთვის?
ჰო, მის მაგივრად დედას რომ ეთქვა ჩემთვის მადლობა.
ხელის გულზე სატარებელი ხალხია და მადლობა, რომ მათთან ჩასახუტებლად მე გამაგზავნეთ", - წერს მაქარაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა