თეგებით ძიება

"ვუყურებდი და არ ვიცოდი, რა უნდა მექნა, როგორი სევდიანია ეს ყველაფერი, როგორი ტრაგიკული..." - რას წერს ლაშა მარგიანი?

პოეტი, ლაშა მარგიანი სოციალურ ქსელში ემოციურ ისტორიებს აზიარებს:

"წეღან მაღაზიაში ჩავედი პურზე. მაღაზიაში შესვლისთანავე თვალი მოვკარი ერთ საკმაოდ მოხუც ქალს, რომელიც შოკოლადების დახლის წინ იდგა და ათვალიერებდა.

უცბად არ გამოვსულვარ უკან, ცოტა ვიბოდიალე, ხან რა ვნახე, ხან რა, საბოლოოდ, პურის მეტი მაინც არაფერი ამიღია და მივედი სალაროსთან. ვუყურებ, ეს მოხუცი ბებო ისევ იქ დგას და ისევ რაღაცას არჩევს.

ჯერ ცოტა მოზრდილი შოკოლადი აიღო და ეკითხება კონსულტანტს ეს რა ღირსო, იმანაც უპასუხა.
დააბრუნა უკან, ცოტა უფრო მომცრო აიღო, იმის ნახევარი, რაც წეღან ეჭირა ხელში.

ამაზეც კითხა, რა ღირსო, ისევ უპასუხა კონსულტანტმა, ისევ დააბრუნა უკან და ნელი ნაბიჯით გავიდა მაღაზიიდან.
ინსტინქტურად, ავიღე ის დიდი შოკოლადი და როგორც კი გაატარა მოლარე ოპერატორმა, ეგრევე გამოვვარდი მაღაზიიდან, მივიხედ-მოვოხედე და იქვე მიდიოდა, ნელი ნაბიჯით, დაღლილი, მოწყენილი.

დავეწიე, მოვაბრუნე და აი, ეს შოკოლადი თქვენ, დედაშვილურად მიიღეთ, ცუდად არ გამიგოთ, გთხოვთ - მეთქი და ძალიან მომერიდა, რაღაცნაირად გავწითლდი.

გამომართვა და პირველი რეაქცია რაც ჰქონდა, როგორც შეეძლო ხელები ისე გაშალა და ოდნავ გამოიწია ჩადახუტებლად, თან თითქოს ცოტა ფრთხილად გააკეთა ეს, ალბათ იფიქრა, შეიძლება მე არ მომდომებოდა მისი ჩახუტება, მაგრამ რა თქმა უნდა, მეც გადავდგი ნაბიჯი და მოვეხვიე თბილად.
ბოდიში მოვუხადე, მეჩქარება - მეთქი და წავედი.

წასვლისას ერთი კიდევ შევხედე თვალებში და როგორც იტყვიან, ისეთი თვალები ჰქონდა, თითქოს ათასი ვარსკვლავი ჩაუცვივდა შიგნით, ბავშვებში არ მინახავს ასეთ დროს მსგავსი სიხარული, როგორც მასთან.

ასეთი ემოციებით სავსე მოვდივარ, იქვე მეორე მაღაზიაში შევუხვიე და მამასა და შვილს ვხედავ, პატარა გოგონას, გოგონა რომელიღაც ტკბილეულზე ეუბნება, დაბადების დღის შემდეგ არ გიყიდიაო და დღეს მიყიდიო?

მამამისმა საფულე ამოიღო, გახსნა, თვალი გამექცა და ვხედავ მხოლოდ 20 ლარიანი უდევს შიგნით.
ამოიღო ეს 20 ლარიანი, მოიქცია მუჭში და გონებაში ითვლის რაღაცას.

მიუტრიალდა კონსულტანს და ეკითხება, ამას და ამას აკლდება რამეო? არაო, უპასუხა კონსულტანმა. შემდეგ შვილს მიუტრიალდა, ასე 6 წლის იქნებოდა ბავშვი, მაგრამ მისთვის ეს როგორ უნდა აეხსნა...

აიღეო უთხრა, ბავშვმა ორი ცალი აიღო და გაუწოდა.
ვუყურებდი და არ ვიცოდი, რა უნდა მექნა, როგორი სევდიანია ეს ყველაფერი, როგორი მტკივნეული, როგორი ტრაგიკული და ალბათ მხოლოდ ღმერთმა იცის, რამდენი ასეთი ამბავი ხდება ყოველ წუთს ამ ქალაქში", - წერს მარგიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა