ბრიტანელი ქალი ძროხებმა გადათელეს - ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს
დიდ ბრიტანეთში ძროხები თავს დაესხნენ ქალს, რომელიც ძაღლს ასეირნებდა - ამის შესახებ Daily Mail წერს.
იმ საბედისწერო დღეს დასავლეთ სასექსის ქალაქ ჰორშამში მცხოვრები 55 წლის ელისონ პეინი სახლთან ახლოს, მინდორში თავის სტაფორდშირის ტერიერს, პენის ასეირნებდა, როდესაც დაახლოებით, 20 ძროხისგან შემდგარ ნახირს შეხვდა. სავარაუდოდ, ცხოველებმა პეინი და მისი ძაღლი საფრთხედ აღიქვეს და თავს დაესხნენ. ქალმა ძაღლის საბელს ხელი გაუშვა და გაიქცა, მაგრამ ძროხები დაეწიენ და გადათელეს.
როდესაც გამვლელებმა პეინი იპოვეს, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ მედიკოსებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს და ქალი გარდაიცვალა. მოგვიანებით, პეინის ტერიერი ახალგაზრდა გოგონამ იპოვა და სოციალურ ქსელში დაკარგული ძაღლის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. პენი ქალის ოჯახს დაუბრუნეს.
გამოძიების შემდეგ, სასამართლომ დაასკვნა, რომ ელისონის სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო.