თეგებით ძიება

"უკრაინელი ჯარისკაცის გოგოს რუსი ჯარისკაცები არაერთი დღე აუპატიურებდნენ" - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელსი პოსტს აქვეყნებს:

"გუშინ დილით მარიუპოლიდან ჩამოსული წყვილი გავიცანი... 55-60 წლის ცოლ-ქმარი.
3 კვირა გავატარეთ სარდაფში, სანამ გამოგვიყვანდნენო...
ვუთხარი, რომ დღე არ გავა მათთვის არ ვილოცო, მაგრამ ვიცი, ეს ცოტაა, ვუთხარი, რომ როცა მარიუპოლში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდნენ, ღამეები არ გვეძინა ჩვენც, მაგრამ ისიც ვუთხარი, რომ მათგან განსხვავებით, მე სახლში ვიყავი, თბილად, გამოკვებილი. მოვუყევი ჩვენ გორზე და სოხუმზე... მოვუყევი, როგორ ერთია რუსი ჯარისკაცის ხელწერა, როდის და რატომ ესხმიან თავს ქალებს და ბავშვებს, ვუთხარი, რომ აფხაზეთშიც ქუჩებში და ჭებში ყრიდნენ ცხედრებს...
ქალი თითქმის არ ლაპარაკობდა, ტიროდა, ჩემთან ერთად, კაცს თვალები ჰქონდა დარდიანი, მაგრამ მშრალი.
ძნელი იყო, უხერხულიც, უზრდელურიც, მაგრამ ყველა ძალა მოვიკრიბე და მართლა ვკითხე, აბა, ომი გინდათ?
ახლაც არ მჯერა რომ ეს ვკითხე, მაგრამ ვკითხე .. რადგან, მე მართლა ვთვლი, რომ თუ შეგვიძლია ჩვენ ქვეყანაში შევეგუოთ ამ რიტორიკას, მაშინ, კეთილი უნდა ვინებოთ და სხვების პასუხებიც უნდა მოვისმინოთ...
ყველაფერი რაც გვითქვამს, რუსეთს რომ არ სჭირდება მიზეზი, შოლცი რომ იყო ჩასული ომამდე პუტინთან, ზელენსკი რომ მოლაპარაკებებს ომამდე სთავაზობდა - ყველაფერი მოყვა და ფინეთ+შვედეთის მაგალითიც მოიშველია, მერე კი მითხრა:
-ჩვენი შვილები კიევში ცხოვრობენ, ჩვენ მარიუპოლში. როცა როგორც იქნა გამოვაღწიეთ მარიუპოლიდან ცოცხლებმა, გავიგე, რომ ჩვენი მეგობრის, უკრაინელი ჯარისკაცის გოგოს, რომელიც მარიუპოლში იყო ჩამოსული ბებიასთან და ბაბუასთან, რუსმა ჯარისკაცები არაერთი დღე აუპატიურებდნენ. იმ გოგოს გამოყვანა მოხერხდა, მაგრამ როდის შეძლებს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, არავინ იცის. ჩემი მეგობარი, ამ გოგოს მამა ჯარისკაცია, ახლაც ომობს, თქვა, რომ სანამ ერთი რუსი ჯარისკაციც კი იქნება ჩვენ მიწაზე, არ დაისვენებს, თქვა, რომ ნებისმიერ რუს ჯარისკაცს პირდაპირ დაახლის ტყვიას - არასწორია? ვინმე გაუბედავს უთხრას, რომ არასწორია?
სანამ ის კაცი საუბრობდა, მე და მისი ცოლი ისევ ცრემლით ვტიროდით. კაცი საუბრობდა დაბალი, ჩაწყვეტილი ხმით, თვალები აუწყლიანდა, მაგრამ არ უტირია.
ვკითხე, რას ფიქრობდა უკრაინის ამჟამინდელ მთავრობაზე. მითხრა, რომ როცა ომი დაიწყო, პირველ დღეებში ცოტათი შიში გაუჩნდათ, რას იზამდა ახალგაზრდა, პოლიტიკაში გამოუცდელი პრეზიდენტი, წინა ხელისუფლებასავით ხომ არ მოიქცეოდა და ხომ არ ჩააბარებდა ყირიმს. მითხრა, რომ ახლა ამაყობენ თავისი მთავრობით, მათი განცხადებებით.
მითხრა, რომ სანამ პრეზიდენტი გახდებოდა ზელენსკი, ინტერვიუებს სულ რუსულ ენაზე იძლეოდა, მოკლე ხანში მოახერხა და სრულად გადავიდა უკრაინულ ენაზე, რაც მათთვის, ხალხისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.
მითხრეს, რომ თბილისი კიევს აგონებთ, მაგრამ თბილისი უფრო მწვანეა...
წასვლისას, მითხრეს, რომ ძალიან მადლიერნი არიან აივნებზე, ფანჯრებზე გამოკრული თუნდაც პაწაწინა უკრაინული დროშებისთვის.
ჩემგანაც ელოდნენ, ალბათ, კიდევ რამის თქმას, გაჩუმდნენ და ერთხანს უტყვად, მაგრამ ჯიუტად მიყურებდნენ... მაგრამ მე უკვე ყველაფერი ნათქვამი მქონდა...
-მაპატიეთ, რომ მეტი არ შემიძლია - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე...
კაცმა თავი დამიქნია, შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა.
ქალი სიტყვიერად დამემშვიდობა.
ჩემგან დაახლოებით 30 ნაბიჯში, კაცი გაჩერდა, სათვალე მოიხსნა და... იტირა... ქალი სახიდან თითებით წმენდდა ცრემლს და რაღაცას ეუბნებოდა...
საერთოდაც, რაღაცნაირი წყვილი იყო... უმეტესად, წყვილში ერთი მეტად მზრუნველია, მეორე, თუნდაც, ოდნავ, მაგრამ ნაკლებად, ესენი ერთმანეთზე ერთნაირად ზრუნავდნენ. უბრალო, სუფთა, კარგად გაუთოებული/მოწესრიგებული, ძველმოდური ტანისამოსი და ფეხსაცმელი ეცვათ ხმადაბლა საუბრობდნენ და უხმოდ ტიროდნენ ..
როცა ყველა ცრემლი მოწმინდა სახიდან ქალმა, ხელი ხელში ჩაკიდა და რამდენიმე ნაბიჯი ასე გადადგეს.
მერე კაცი გაჩერდა, ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო, სათვალე გაწმინდა, გაიკეთა და დემონსტრაციულად შესთავაზა ქალს ხელი და მხარი, ისიც დაეყრდო და წავიდნენ...
ორივენი საშუალოზე ოდნავ დაბლები არიან, ორივენი წყნარად, დაბალ ხმაზე საუბრობენ, თუმცა, კაცის ხმა ჩამწყდარია, იქნებ იმიტომ, რომ კაცი ცრემლს ხშირად აბრუნებს უკან... კაცს მრგვალი სახე აქვს და სათვალეს ატარებს, სქელი, ოდნავ დატალღული, ნახევრადჭაღარა თმით, იდეალური წონა არ აქვს, მაგრამ პერანგი მაინც შარვალში აქვს ჩატანებული. ფეხთ ყავისფერი, არცთუ ახალი ფეხსაცმელი აცვია, ღია ყავისფერი, ერთიანი, არცთუ თხელი ლანჩით, ქალს კაბა აცვია, არც მას აქვს იდეალური წონა და წელზე შემოხვეული ქამარი ამას ხაზს მეტად უსვამს, შავი თმა უკან აქვს გადაწეული და კეფაზე აკეცილი. თვალები, ტუჩები, ღაწვები შეუღებავი აქვს, შეიძლება იმიტომ რომ ბევრს ტირის. ფეხთ შავი ფეხსაცმელი აცვია, მისი ფეხსაცმელი უფრო ახალივით გამოიყურება, საშუალო სიმაღლის, სქელი ქუსლით, კოჭთან შეკრული თასმით. როცა ქმარი ომზე საუბრობს, ისე უსმენს, თითქოს, პირველად ესმოდეს. როცა ომზე არ საუბრობენ ერთმანეთს უღიმიან.
როცა ერთმანეთს არ უღიმიან, თბილისის ქუჩებს უღიმიან.
თუ დაინახოთ ამ აღწერილობის წყვილი თბილისში, თუ დაინახოთ, ამ აღწერილობის კაცი ტროტუარზე, ქუჩისკენ ზურგშექცევით იდგეს, ხელში სათვალეს აწვალებდეს მოკლე თითებით და და ცრემლით ტიროდეს, ქალი კი სახით ქუჩისკენ იდგეს, მაგრამ კაცის გარდა ვერავის ხედავდეს და სახიდან თითებით წმენდდეს ცრემლს, იცოდეთ, მარიუპოლოდან მოდიან და მარიუპოლში მიდიან!
და მოიგებენ!
და ჩავლენ!
და ააშენებენ!
და კი, რამდენი რუსი ჯარისკაციც უნდა მოკლას მათმა მეგობარმა, რუსი ჯარისკაცებისგან, ბებიის და ბაბუის თვალწინ გაუპატიურებული გოგოს მამამ, გოგოს ამითი არაფერი ეშველება, მაგრამ არ არსებობს ადამიანი დედამიწაზე, რომელიც გაუბედავს და ეტყვის, რომ მის მიწაზე, მის ოჯახზე, მის დედ-მამასა და შვილზე თავდამსხმელი მშვიდობიანად და ტკბილი სიტყვით უნდა გააცილოს უკან!
და ადამიანი კი არა, ღმერთი არ არსებობს, რომელიც ამის თქმას გაუბედავს მათ!", - წერს კეშელავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა