თეგებით ძიება

"2 ოლიმპიური ჩემპიონი - ახალგაზრდა ბიჭის მკვლელი და მისი თავმდები... საზოგადოება, ვინც მკვლელის მიმართ სოლიდარულია, საზოგადოებად მოხსენიების ღირსიც კი არაა"

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლაშა მურუსიძე ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურისა და "მთავარი არხის" გენდირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეებს ერთმანეთს ადარებს:

"არაპოპულარული რაღაც უნდა დავწერო, მაგრამ მერე საკუთარი თავის რომ არ შემრცხვეს, ვალდებულიც ვარ ვთქვა.
ფოტოზე 2 ოლიმპიური ჩემპიონია, ჩემთვის საყვარელი სპორტის სახეობის ქართველი ლეგენდები, თუმცა ამავდროულად მოქმედი ხელისუფლების ყოფილი დეპუტატი, ახალგაზრდა ბიჭის მკვლელი და მისი თავდები.

ახლო წარსულში გვახსოვს სხვა მძიმე დანაშაულებიც, რომლებიც დაუსჯელი დარჩა იმის გამო რომ წარმატებული სპორტსმენი და ქართული ოცნების დეპუტატი იყო. ვერც იმას ვიტყვით, რომ ყოველთვის/ყველგან ასე ხდება, თვით საბჭოთა კავშირშიც კი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს იმდროინდელი ქართული ძიუდოს ლეგენდას, თამაზ ნამგალაურს.

ცხადია, დანაშაულიც განსხვავებული იყო და სასიკვდილო სასჯელიც გაუქმებულია (ნამგალაური უკანასკნელი იყო, ვისაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს საქართველოში), მაგრამ განზრახ მკვლელობისთვის დაუსჯელობა შეიძლება?!

აქვე, პარალელი რომ გავავლო, ჩემთვის ძიუდოზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის? ქართველი ვარსკვლავის, შემდგომში განათლების და იუსტიციის მინისტრის, ბოლოს კი ყველაზე პოპულარული, ოპოზიციური ქართული ტელეარხების მენეჯერის საქმესთან, რომელსაც სამსახურეობრივი ავტომობილის პირადი მოხმარების მიზნით გამოყენების გამო პატიმრობა მიუსაჯეს, მწარე რეალობისთვის მოგვიწევს თვალებში ჩახედვა.

კი ბატონო, გამართლებულად არ მიმაჩნია, რომ კომპანიის ქონება თუნდაც ამავე კომპანიის მენეჯერმა პირადი(ოჯახის) მოხმარებისთვის გამოიყენოს, თუმცა ეს რამდენად არის დანაშაული, ცალკე საკითხია. მაშინ, როცა არათუ კერძო კომპანიის ხელმძღვანელი, საჯარო მოხელეებიც კი იყენებენ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ავტომობილებს პირადი მოხმარების მიზნით. ანუ, იმას, რაშიც ჩვენ(ხალხმა) გადავიხადეთ ფული, იყენებენ არამიზნობრივად და ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ კერძო კომპანიის ხელმძღვანელი თუ გამოიყენებს ამავე კომპანიის საკუთრებაში არსებულ ქონებას ოჯახისთვის, ეს უკვე დანაშაულია?!

როგორც არ უნდა გვიყვარდეს ზვიადაური და როგორც არ უნდა გვძულდეს გვარამია, ის საზოგადოება ვინც მკვლელის მიმართ არის სოლიდარული და პოლიტპატიმრის მიმართ გულგრილი, არათუ ევროკავშირში შესვლის, ზოგადად საზოგადოებად მოხსენიების ღირსიც კი არ არის", - წერს მურუსიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა