"საქართველო მეტად იმსახურებდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა" - მაქსიმ ღვინჯია
სოხუმის დე ფაქტო ლიდერის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა, რომ საქართველო მეტად იმსახურებდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა.
ღვინჯიამ ამის შესახებ სოხუმი-მოსკოვის ვიდეოხიდის დროს განაცხადა სახელწოდებით „აფხაზეთის უსაფრთხოება საქართველოსა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების კონტექსტში“, რომელიც „სპუტნიკ-აბხაზიას“ პრესცენტრში გაიმართა.
„ის, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს - პოპულისტური გადაწყვეტილებაა. შეუძლებელია საქართველოში გატარებული შიდა რეფორმების და ცვლილებების შედარება უკრაინასთან და მოლდოვასთან. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის დროს უკრაინას მისცეს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - არა. ჩემი აზრით, თუ ვინმე იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს ამ სამეულიდან, ეს საქართველოა. გასაგებია, რომ საქართველოს ამ მისცეს სტატუსი სწორედ უკრაინაში მიმდინარე ამბების გამო. თბილისი ხომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. ამასთანავე, სავსებით ნათელია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ ქვეყნებს არაფერს აძლევს, გარდა რიგის ნომრის ფანჯარასთან, რომელიც შეიძლება იმაზე ადრე დაიხუროს, ვიდრე შენი რიგი მოვა“, - განაცხადა ღვინჯიამ.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს თურქეთის ფაქტორი, რომელთანაც საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს და ორ ქვეყანას ბევრი ბიზნეს-პროექტი აკავშირებს.
რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთისთვის არსებულ რისკებს თბილისის მხრიდან, ღვინჯიამ აღნიშნა, რომ „სოხუმს არ აქვს ილუზიები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ტერიტორიულ პრობლემებს მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრას შეეცდება. ამასთანავე, ღვინჯია ამბობს, რომ საქართველოში მეტია ადამიანები, რომლებიც ნებისმიერი ომის წინააღმდეგია. „საქართველო სამხედრო პოტენციალს აძლიერებს. რაც ამ სიტუაციაში უნდა გავაკეთოთ, ის არის, რომ შეიარაღებული ძალები მზად უნდა გვყავდეს და პანიკა თავიდან უნდა ავიცილოთ“, - ამბობს ასლან ბჟანიას მრჩეველი.
მაქსიმ ღვინჯია ამბობს, რომ ვიდრე სამხედრო დაპირისპირებამდე საქმე არ მივიდა, დიპლომატიური გზებით პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს.
წყარო