თეგებით ძიება
08. 08. 2022 მსოფლიო

თავდასხმა ცხინვალსა და სხვა დასახლებებზე ამაზრზენად დაიწყო და ვალდებული ვიყავით, გვეპასუხა - დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის თქმით, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ხელისუფლებებმა რუსეთს სხვა არჩევანი არ დაუტოვეს და მან სამხედრო ინტერვენცია განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას "IPN.GE" ავრცელებს.

„თუ არსებობს პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობა, მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს უნდა გაკეთდეს, მაგრამ როცა გამოსავალი არ არის, ძალით უნდა უპასუხო. სამწუხაროდ, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა რუსეთს არჩევანი არ დაუტოვეს, რითაც ჩაშალეს ამ კონფლიქტების პოლიტიკური მოგვარების პროცესები და ჩვენ სამხედრო ინტერვენცია განვახორციელეთ.

თავდასხმა ცხინვალსა და რესპუბლიკის სხვა დასახლებებზე მოულოდნელად და ამაზრზენად დაიწყო. ვაშინგტონის მიერ კონტროლირებადმა მარიონეტულმა რეჟიმმა გადაწყვიტა სამხრეთ ოსეთისთვის თავს მოეხვია „დემოკრატიისა“ და „ჰუმანიზმის“ შესახებ საკუთარი გაგება და მთელი ერის განადგურების ფასად ძალით დაებრუნებინა ის საქართველოს შემადგენლობაში. რა თქმა უნდა, ვალდებული ვიყავით, გვეპასუხა. არ შეგვეძლო უბრალოდ ცრემლები მოგვეწმინდა და თავი დაგვეხარა სისხლიანი სულელის წინაშე და მიგვეტოვებინა ის ხალხი ნაწილებად დასაგლეჯად.

რუსეთს არ შეეძლო, ამ კონფლიქტში არ ჩარეულიყო. საუბარი იყო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაცვაზე, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. დავიცვათ ისინი სააკაშვილის აგრესიისგან, მივიღეთ მთავარი - მშვიდობა“, - განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, სადაც რუსეთს სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული და ამას კარგად აცნობიერებენ საქართველოს ხელისუფლებაში, ამიტომ, ისინი დაპირისპირებაში არ შევლენ ისეთ ძალასთან, როგორიც რუსეთია.

„რაც შეეხება საქართველოს ახალ შესაძლო აგრესიას მისგან გამოყოფილი ტერიტორიების წინააღმდეგ, ეს შეუძლებელია. ჩვენთვის დღეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთანაც ჩვენ მეგობრული ურთიერთობა დავამყარეთ და სადაც ჩვენი სამხედრო ბაზებია განთავსებული. ეს კარგად ესმის საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. ისინი კიდევ ერთხელ არ გამოსცდიან ბედს და არ შევლენ დაპირისპირებაში ისეთ ძალასთან, როგორიც რუსეთია“, - აღნიშნა მედვედევმა.

2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების სამხედრო ინტერვენციას 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი ემსხვერპლა, ხოლო საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა; რუსული აგრესიის შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე 263 598-მდე გაიზარდა დევნილთა რაოდენობა; საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. რესპუბლოკების დამოუკიდებლობა ცნო და მათი ოკუპაცია განახორციელა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდებეა. საოკუპაციო ძალები აგრძელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიების მიტაცებას და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების გატაცებას. საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფით რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა