ამ ქვეყნის მტრები არიან, ვითომ მეგობრულად შერაცხულები - კახა კალაძე იმ ევროპარლამენტარებზე, რომლებიც დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ
თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, ის ევროპარლამენტარები, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ, საქართველოს მტრები არიან.
როგორც მან აღნიშნულ კონტექსტში ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს ევროპული კურსიდან არ გადაუხვევია.
„ისინი ამ ქვეყნის მტრები არიან, ვითომ მეგობრულად შერაცხულები. რაც შეეხება ქვეყნის კურსს, საქართველოს არასდროს გადაუხვევია ამ კურსისთვის, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, უვიზო მიმოსვლასა და სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე იმ რეფორმებსაც განახორციელებს, რომელიც აუცილებელია ამ გზაზე.
რაც შეეხება იმ მოთხოვნებს, რომელიც იმისთვის მოგვაწოდეს, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადებები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ეს ცვლილებები განხორციელდეს“,- აღნიშნავს კალაძე.
interpressnews.ge